ახალი ამბები

მოსკოვი რუსი ოფიცრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მიხეილ კამინინმა 9 თებერვალს განცხადება გააკეთა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში სამი რუსი სამხედროს დაკავებასთან დაკავშირებით და მას „ახალი პროვოკაცია“ უწოდა.
                       
საქართველოს სამხედრო პოლიციამ 8 თებერვალს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში მდებარე სოფელ ქურთაში რუსი სამხედრო ოფიცრები სავიზო რეჟიმის დარღვევის გამო დააკავა. ქართული მხარის განცხადებით რუს ოფიცრებს არათუ ვიზები, არამედ პასპორტებიც კი არ აღმოაჩნდათ. შესაბამისად , დაწყებულია პროცედურები მათი დეპორტაციის მიზნით. 
 
“ამ ახალი პროვოკაციის საპასუხოდ რუსეთში  საქართველოს ელჩის მიმართ  გამოითქვა მტკიცე პროტესტი და მკაცრი ფორმით მოთხოვნა რუსი ოფიცრების დაუყოვნებლივ განთავისუფლების თაობაზე“, – იუწყება 9 თებერვალს რუსეთის საგარეო საქმეთა  სამინისტრო კამინინის განცხადებაზე დაყრდნობით. 
                   
“საქართველოს ხელისუფლება გვარწმუნებდა, რომ საკითხი მოგვარებული იქნებოდა დღის განმავლობაში. თუმცა სამუშაო დღის დასრულების შემდეგაც რუსი ოფიცრები კვლავ დაკავებულები არიან… თბილისში უნდა ესმოდეთ, რომ მთელი პასუხისმგებლობა ამ პროვოკაციის შედეგებზე მთლიანად ქართულ მხარეს დაეკისრება“, – აცხადებს კამინინი.


განცხადებაში ასევე ნათქვმია, რომ ქართულმა მხარემ კონფლიქტის ზონაში 250  სამხედრო შეიყვანა, თუმცა მითითებულია, რომ სამხედრო ნაწილი გაყვანილი იქნა 8-დან 9 თებერვლის ღამეს.


ინფორმაცია ქართული სამხედროების კონფლიქტის ზონაში შეყვანის შესახებ 9 თებერვალსვე უარყო თბილისმა.

Back to top button