
ძალოვანი მინისტრები აღმოჩენილ საზენიტო დანადგარზე საუბრობენ
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, 3 თებერვალს ქარელის რაიონში აღმოჩენილი ხელით გადასატანი რუსული წარმოების საზენიტო კომპლექსი “იგლა“, პრეზიდენტ სააკაშვილის ვერტმფრენის ჩამოსაგდებად იყო გამიზნული.
“ჩვენ შეიარაღებაში ამგვარი იარაღი არ გაგვაჩნია. ეს არის რუსული წარმოების იარაღი და ბუნებრივია რუსეთიდან იქნა შემოტანილი ოსების, ან სხვა ხალხის დახმარებით, რომელთაც, რა თქმა უნდა, კარგი ზრახვები არ ამოძრავებთ. ეს იარაღი საფრენი აპარატების ჩამოსაგდებად გამოიყენება და ძალიან მარტივია იმის მიხვედრა, თუ ვინ იყო სამიზნე – ამ მარშრუტით პრეზიდენტის ვერტმფრენი და კიდევ რამდენიმე სხვა ვერტმფრენი, დაფრინავს“, – განუცხადა ოქრუაშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ს 3 თებერვალს.
იგი მიუნჰენში საუბრობდა, სადაც პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად მაღალი დონის კონფერენციაში იღებს მონაწილეობას.
თუმცა, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ რთულია ზუსტად იმის თქმა, თუ ვინ იყო სამიზნე.
“დანადგარი შესაძლოა ნებისმიერი საფრენი აპარატის წინააღმდეგ ყოფილიყო მიმართული, თუმცა მე ვერ დავაკონკრეტებ ზუსტ სამიზნეს, რადგანაც ჩვენ არ ვიცით ზუსტად როდის იყო ის მომართული“, – განუცხადა მერაბიშვილმა “რუსთავი 2“-ს.
“ჩვენ ვიცით, რომ ცხინვალის რეგიონში რამდენიმე გასამხედროებულ ჯგუფს აქვს ამგვარი იარაღი… თუმცა, რთულია იმის თქმა, თუ ზუსტად ვის ეკუთვნოდა ის“, – დასძინა მან.
„როგორც ჩანს, რაღაც მიზეზის გამო, რაც შესაძლოა ყოფილიყო ცუდი ამინდი ცუდი ხედვით, სავარაუდო ტერორისტმა ვერ შეძლო საზენიტო კონპლექსის გამოყენება და მდინარეში გადააგდო ის“, – განაცხადა მერაბიშვილმა.
მისი თქმით, ქართველი ექსპერტები სულ მალე დაადგენენ იარაღის საიდენტიფიკაციო ნომერს. “ამგვარი იარაღი მსოფლიოს მასშტაბით მკაცრად კონტროლდება. ასე რომ არა მგონია გაგვიჭირდეს მისი წარმომავლობის დადგენა“, – განაცხადა მერაბიშვილმა.
“ორშაბათიდან მე შეხვედრებს გავმართავ რუსეთის, აშშ-ს, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ჩინეთის სპეცსამსახურებთან და გადავცემ მათ ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციას… თუ რუსეთი უარს იტყვის თანამშორმლობაზე, ეს იმის მაჩვენებელი იქნება, რომ რუსეთი ან ვერ აკონტროლებს თავის შეიარაღებას, ან მას ექსტრემისტულ ჯგუფებს გადასცემს“, – განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა.