skip to content
ახალი ამბები

ცხინვალის რეგიონში ყალბი ფულის გავრცელების ბრალდებით სამი ქართველი დააკავეს

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, თვითგამოცხადებული რეგიონის ტერიტორიაზე სამი ქართველი იქნა დაკავებული, რომლებიც ყალბი 100 000 დოლარის გავრცელებას ცდილობდნენ, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო “ოსინფორმი” 4 იანვარს.


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრმა მიხეილ მინძაევმა განაცხადა, რომ ეჭვმიტანილები გეგმავდნენ ყალბი დოლარების გადაცემას სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლებისთვის, რათა შემდეგ მათ წინაამღდეგ შეეთითხნათ საქმე, რომელიც დაადასტურებდა იმ ფაქტს, რომ რეგიონი ფულის გაყალბების საერთაშორისო ქსელის ნაწილია.


ერთ-ერთი დაკავებულის ნათესავმა ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ს განუცხადა, რომ სამივე ქართველი, რომელთაც 10 000 აშშ დოლარი ჰქონდათ თან, 2 იანვარს მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც ისინი ცხინვალში ავტომანქანა “კამაზის“ საყიდლად ჩავიდნენ.


ოფიციალური თბილისი უკვე დიდი ხანია ადანაშაულებს თვითგამოცხადებული რეგიონის ხელისუფლებას ყალბი დოლარების წარმოებისა და გავრცელების მიზნით ადგილობრივ კრიმინალურ ჯგუფებთან თანამშრომლობაში.


Washington Post-ი  2006 წლის ნოემბერში იტყობინებოდა, რომ აშშ-ს დაზვერვის სამსახური და ქართული პოლიცია საერთაშორისო დონეზე ფულის გაყალბების ოპერაციას იძიებდნენ, რომელიც სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკიდან ამერიკის შეერთებულ შტატებამდე ვრცელდება.


ცხინვალის ხელისუფლებამ კატეგორიულად უარყო ეს ბრალდებები და მას თვითგამოცხადებული რეგიონის ხელისუფლების წინააღმდეგ თბილისის “შავი PR კამპანიის“ ნაწილი უწოდა.   



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button