skip to content
ახალი ამბები

ჩოგოვაძე: გაზსადენის პრივატიზაციის საკითხში აშშ–ის ინტერესები გასათვალისწინებელია

ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ირაკლი ჩოგოვაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზებას ჯერ-ჯერობით არ გეგმავს, თუმცა აქვე გამოიყენა ფრაზა – “არასოდეს თქვა – არასოდეს“. 


“ეს საკითხი უკავშირდება ჩვენი სტრატეგიული მოკავშირის ინტერესებს და საქართველომ უნდა გაითვალისწინოს თავისი სტრატეგიული პარტნიორის, ამ შემთხვევაში, აშშ-ს ინტერესები… ჩვენ მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზების შემთხვევაში კარგად უნდა ავწონ–დავწონოთ პლიუსი და მინუსი… ეს არის არა პოლიტიკური, არამედ პოლიტიკურ-ეკონომიკური საკითხი“, – განაცხადა 9 იანვარს წლის შემაჯამებელ პრესკონფერნციაზე ეკონომიკის მინისტრმა.


ჟურნალისტის კითხვაზე, რომ “გაზპრომი“ გაზსადენის შესაძენად 200 მლნ დოლარის გადახდას აპირებს, ჩოგოვაძემ უპასუხა: “ეს გაზპრომს უნდა ჰკითხოთ. ამის შესახებ არაფერი მსმენია“.


აშშ-ს და საქართველოს შორის “ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის“ ფარგლებში 12 სექტემბერს ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად, საქართველომ აიღო ვალდებულება შეთანხმების ვადის ამოწურვამდე – 2010 წლამდე – არ გაყიდოს მაგისტრალური გაზსადენი. ამავე პროგრამის ფარგლებში გაზსადენის რეაბილიტაციის მიზნით აშშ–მ 49.5 მლნ დოლარი გამოყო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button