ახალი ამბები

იუსტიციის ახალი მინისტრი და სასჯელაღსრულების ახალი უფროსი დაინიშნენ







იუსტიციის ახალი მინისტრის გია
ქავთარაძის თქმით, რეფორმების
გაგრძელება მისი მთავარი პრიორიტეტია.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა 22 დეკემბერს განაცხადა, რომ მან თანამდებობიდან გაათავისუფლა იუსტიციის მინისტრი კოტე კემულარია და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე შოთა კოპაძე.
 
სააკაშვილმა ასევე განაცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას, რომ იუსტიციის მინისტრის პოსტს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გია ქავთარაძე დაიკავებს.
 
იუსტიციის ყოფილი მინისტრი კოტე კემულარია უშიშროების საბჭოს მდივნად დაინიშნა. ნოემბრიდან დღემდე ეს პოსტი ლევან ჭოლაძეს ეკავა. მიმომხილველების თქმით, ეროვნული უშიშროების საბჭოს როლი მნიშვნელოვნად შემცირდება საბჭოში დაგეგმილი რეფორმის შედეგად.
 
პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ სახალხო დამცველის მოადგილე ბაჩო ახალაია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ახალი თავმჯდომარე გახდება. 
 
“კოტე კემულარია არის პროფესიონალი … რომელმაც დაიწყო რეფორმები პენიტენციალურ სისტემაში“, – განაცხადა სააკაშვილმა, თუმცა დასძინა, რომ კიდევ უფრო აქტიური რეფორმებია საჭირო პენიტენციალურ სისტემაში ვითარების გამოსასწორებლად.
 
ყოფილი იუსტიციის მინისტრი ბოლო დროს ადამიანის უფლებათა დამცველების დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა ციხეებში ავადმყოფი პატიმრების ცუდად მოპყრობისა და პენიტენციალურ სისტემაში არსებული კორუფციის გამო. ადამიანის უფლებათა დამცველმა ზოგიერთმა ჯგუფმა პრეზიდენტს კოტე კემულარიას და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის კოპაძის გათავისუფლებაც მოსთხოვა.
 
კემულარიას და კოპაძეს სახალხო დამცველის ოფისიც, კერძოდ ომბუდსმენის მოადგილე ბაჩო ახალაია, ხშირად აკრიტიკებდა. ეს უკანასკნელი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი გახდა.
 
ბაჩო ახალაია საკონსტიტუციო უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის დათა ახალაიას ძმა და სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონის მთავარი პროკურორის, როლანდ ახალაიას, შვილია. 
 
“ბაჩო ახალაია არის პიროვნება, რომელსაც არასოდეს უმუშავია სამართალდამცავ სტრუქტურებში, თუმცა, ეს ის პიროვნებაა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ბევრად უკეთესად შეძლებს წარუძღვეს ამ სისტემას, ვიდრე ისინი, რომელთაც იქ [სასჯელაღსრულების დეპარტამენტში] მუშაობის გამოცდილება აქვთ. იქ აბსოლუტურად განსხვავებული ტიპის ხალხია საჭირო, ხალხი რომელთაც ახალი ხედვა და პატიოსნება გააჩნიათ“, – განაცხადა სააკაშვილმა.
 
ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე ქართული მედიით გავრცელდა ინფორმაცია მთავრობაში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ, რომელშიც პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის გათავისუფლებაც იყო ნავარაუდევი. თუმცა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ მეტი ცვლილება მთავრობაში მოსალოდნელი არ არის. მისი თქმით, ხელისუფლებას სტაბილური საკადრო პოლიტიკა უნდა ჰქონდეს.
 
“ეს არის მცირე გადაადგილება… მომავალში კიდევ უფრო მცირედი და იშვიათი ცვლილებები გვექნება, იმიტომ რომ საქართველოს მთავრობა უკვე აეწყო, როგორც მოქმედი გუნდი“, – განაცხადა სააკაშვილმა. 
 
“მე კატეგორიულად ვკრძალავ ძველი მოადგილეების გათავისუფლებას ახალი მინისტრის მიერ. მოადგილეების შეცვლა არ მოხდება, დეპარტამენტების უფროსების შეცვლა არ მოხდება, [სამინისტროს] თითოეული თანამშრომელი შეინარჩუნებს თავის სამსახურს. ჩვენ არ გვჭრიდება სისტემა, როდესაც ახალი მინისტრი იწყებს მუშაობას და ცვლის ყველას სამინისტროში. ჩვენ გვჭირდება სტაბილური სამოქალაქო სამსახური“, – დასძინა მან.
 
იუსტიციის ახალი მინისტრი გია ქავთარაძე, რომელიც პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ივნისში დაამტკიცა, იუსტიციის საბჭოს ყოფილი მდივანია, რომელმაც მოგვიანებით, 2002 წელს, იურიდიული და ფინანსური საკონსტულტაციო ფირმა DVNK დააფუძნა. მისი ბიზნეს პარტნიორები ამ ფირმაში იყვნენ პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი და აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი ლევან ვარშალომიძე.
 
ახალ თანამდებობაზე დანიშვნიდან ცოტა ხნის შემდეგ გია ქავთარაძემ განაცხადა, რომ პენიტენციალურ სისტემაში რეფორმების გაგრძელება მისი მთავარი პრიორიტეტი იქნება. 
 
“იუსტიციის სამინისტროში, ისევე როგორც სხვა სექტორებში, რეფორმები უკვე დაიწყო. ამრიგად, ამ რეფორმების გაგრძელება ჩემი პრიორიტეტი იქნება. ეს ადვილი ამოცანა არ არის, ეს არის გრძელვადიანი პროექტი“, – განაცხადა ქავთარაძემ “რუსთავი 2“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

მსგავსი/Related

Back to top button