ახალი ამბები

ოპოზიცია 2006 წლის ბიუჯეტის პროექტს “გაუმჭვირვალობის“ გამო აკრიტიკებს

23 დეკემბერს პარალმენტმა 162 ხმით 20–ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს.

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციონერი პარლამენტარები მიესალმნენ 2006 წლის ბიუჯეტის გაზრდილ მაჩვენებლებს, მათ ბიუჯეტის პროექტს არაგამჭირვალე უწოდეს, რაც საშუალებას აძლევს მთავრობას კონტროლის გარეშე დახარჯოს დაახლოებით 500 მილიონი ლარი.


პარლამენტმა 22 დეკემბერს მოსმენა გამართა და 2006 წლის ბიუჯეტის შესწორებული პროექტი განიხილა, რომლის მიხედვითაც საშემოსავლო ნაწილი 3 068 600 000 ლარით განისაზღვა, ხოლო ხარჯვით ნაწილი 3 285 400 000 ლარი იქნება.    


ოპოზიციონერი დეპუტატები “ახალი მემარჯვენეებიდან“ და “დემოკრატიული ფრონტიდან“ ძირითადად ბიუჯეტის არაგამჭირვალობის გამო გამოთქვამდნენ პრეტენზიებს. ოპოზიციის განცხადებით, ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 500 მილიონი ლარი გათვალისწინებულია “სხვა საქონელსა და მომსახურებაზე“, და პროექტში დეტალურად არ არის გაწერილი, თუ რაზე უნდა დაიხარჯოს ეს თანხა. 


“გამოანგარიშება გვიჩვენებს, რომ [ბიუჯეტის] მთლიანი ხარჯების 16% გათვალისწინებულია ამ გაურკვეველ და ბუნდოვან “სხვა საქონელსა და მომსახურებაზე“. კერძოდ, თუ გადავხედავთ ხარჯებს, რომლებიც პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვისაა გათვალისწინებული, დავინახავთ, რომ ამ ხარჯების 40% გათვალისწინებულია “სხვა საქონლისთვის“; ფინანსთა სამინისტროს აპარატის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 64%-ს აღწევს. იგივე შეიძლება ითქვას სახალხო დამცველის ოფისის შემთხვევაშიც“, – განაცხადა დეპუტატმა ივლიანე ხაინდრავამ “რესპუბლიკური” პარტიიდან პარლამენტის სხდომაზე.


“აბსოლუტურად გაუგებარია, თუ რა სახის საჭიროებები დაფინანსდება ამ სახსრებით; ამრიგად, აბსოლუტურად ბუნებრივია, რომ ჩვენ ეჭვებს გამოვთქვამთ და ვაცხადებთ, რომ ბიუჯეტის პროექტი არაგამჭირვალეა“, – დასძინა მან.


ოპოზიცია შიშობს, რომ ხელისუფლება იმ სახსრების გამოყენებას, რომლებიც დეტალურად არაა გაწერილი ბიუჯეტის პროექტში, 2006 წლისთვის დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებზე გეგმავს.


თუმცა, დეპუტატებმა მმართველი პარტიიდან და მთავრობის წევრებმა უარყვეს ოპოზიციის კრიტიკა და მას “პოპულიზმი და დემაგოგია“ უწოდეს.


პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა, რომელმაც ბიუჯეტის პროექტი პარლამენტს წარუდგინა, განაცხადა, რომ ეს “ყველაზე გამჭვირვალე“ ბიუჯეტია, რომელიც საქართველოს ოდესმე ჰქონია.


“ბიუჯეტი არასოდეს ყოფილა ისეთი გამჭირვალე, როგორიც ახლაა. არსებობს იმ ღონისძიებათა დეტალური სია, რომლებიც ბიუჯეტით დაფინანსდება… გარდა ამისა, პროექტში დეტალურადაა გაწერილი, თუ რა იქნება იმ კონკრეტული საქმიანობების შედეგი, რომლებიც დაფინანსდება“, – განაცხადა ნოღაიდელმა.


ოპოზიციამ მთავრობა მომავალი წლისთვის “არარეალური პროგნოზების“ გაკეთების გამოც  გააკრიტიკა. 2006 წლის ბიუჯეტის პროექტი ინფლაციის დონეს 5-6%-ით განსაზღვრავს. ოფიციალური მონაცემებით, 2005 წელს ინფლაციის დონემ 7,8% შეადგინა.


“მომავალ წელს საქართველოში იზრდება ენერგორესურსების, კერძოდ გაზის ღირებულება. ამრიგად, უცნობია, თუ როგორც აპირებს მთავრობა შეინარჩუნოს ინფლაციის დონე 5-6%-მდე“, – განაცხადა დეპუტატმა ირაკლი იაშვილმა “ახალი მემარჯვენეებიდან“.


პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემაც აღნიშნა, რომ 5-6%-იანი ინფლაცია “ოპტიმისტური პროგნოზია“.


საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ განუცხადა პარლამენტარებს, რომ “მომავალ წელს ჩვენი მიზანი იქნება, რომ ინფლაციის დონემ არ მიაღწიოს ორნიშნა ციფრს.”

Back to top button