ახალი ამბები

ბაღაფში მზად არის წლის ბოლომდე შეხვდეს სააკაშვილს

თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში, რომელიც ამჟამად რუსეთში ვიზიტით იმყოფება, აცხადებს, რომ მზად არის შეხვდეს საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს როგორც კი მზად იქნება შეთანხმება თბილისსა და სოხუმს შორის საომარი მოქმედებების განუახლებლობისა და უსაფრთხოების გარანტიების შესახებ.


“მე არ გამოვრიცხავ, რომ ჩემი მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა შედგეს ამ წლის ბოლომდე, თუმცა თავდაპირველად ამ დოკუმენტზე ხელმოწერა 2006 წლის დასაწყისისთვის იგეგმებოდა“, – განუცხადა 15 დეკემბერს ბაღაფშმა “რია ნოვოსტის“.


14 დეკემბერს აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარემ, ქართულ-აფხაზურ დიალოგში საქართველოს პრეზიდენტის პირადმა წარმომადგენელმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი მზადაა “ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, ნებისმიერ დროს“ შეხვდეს სერგეი ბაღაფშს და ხელი მოაწეროს ორივე მხარისათვის მისაღებ დოკუმენტს.


ბაღაფშის განცხადებით, შეხვედრა “ნეიტრალურ ტერიტორიაზე შედგება, ალბათ უფრო ჟენევაში“.


დე ფაქტო პრეზიდენტი აცხადებს, რომ შეთანხმების ხელმოწერის გარდა, რომელიც მხარეებმა ფაქტიურად უკვე შეათანხმეს, სხვა უამრავი საკითხია ქართულ მხარესთან განსახილველი.


“ეს არის ჰუმანიტარული, ეკონომოკური განვითარების, საქართველოსთან დაკავშირებელი პროექტების, ენერგეტიკის საკითხები, აფხაზეთისა და საქართველოს [ადმინისტრაციულ] საზღვარზე, ასევე გალის რაიონში შექმნილი სიტუაცია, ენგურის ჰესის აღდგენა და სხვა“, – განაცხადა სერგეი ბაღაფშმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button