
ოპოზიცია შსს–ს მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ
დღეს პარლამენტის ოპოზიციურის ფრაქციების “დემოკრატიული ფრონტისა“ და “ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენლებმა მოუწოდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებს, რომლებიც კავშირში არიან სანდრო გირგვლიანის მკველობის საქმესთან, დატოვონ თანამდებობები, ხოლო “მკვლელობის უშუალო შემსრულებელი ოლეგ მელნიკოვი უმოკლეს ვადაში იქნას დაპატიმრებული“.
საქმე ეხება გაერთიანებული ქართული ბანკის თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობას, რასაც ერთ–ერთი ვერსიით, შსს– ს მაღალჩინოსნების სახელები უკავშირდება.
“იმედის” ეთერით 12 თებერვალს გასულ გადაცემა “დროებაში“ აღწერილი იყო აღნიშნული ვერსია. კერძოდ, სანდრო გირგვლიანმა 27 იანვარს მეგობართან ერთად “შარდენ–ბარში“ თავის მეგობარ გოგონას მიაკითხა, რომელიც იქ შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის მეუღლესთან თაკო სალაყაიასთან, დათა ახალაიასთან, ვასილ სანოძესთან და გურამ დონაძესთან ერთად იმყოფებოდა. ამავე ვერსიით, გირგვლიანმა გააპროტესტა მეგობარი გოგონას შსს–ს წარმომადგენლებთან ერთად ყოფნა, რომლებიც უხეშად მოიხსენია. ბარიდან გამოსვლის შემდეგ გვირგვლიანი და მისი მეგობარი უცნობმა პირებმა გაიტაცეს და სასტიკად სცემეს, რის შედეგადაც გირგვლიანი, რომელსაც წამების კვალი აღენიშნებოდა, გარდაიცვალა, ხოლო მისმა მეგობარმა გაქცევა მოახერხა.
აღნიშნული საქმის გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო, რაც გააპროტესტეს, როგორც გირგვლიანის ოჯახის წევრებმა, ისე ოპოზიციამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა და შსს–ს უნდობლობა გამოუცხადეს.
თავად შსს–ს წარმომადგენლები კომენტარისაგან თავს იკავებენ. ფაქტთან დაკავშირებით არც შს მინისტრს დაუფიქსირებია თავისი პოზიცია.
“გირგვლიანის მკველობის საქმე გასცდა უბრალო კრიმინალური შემთხვევის რანგს… დღეს ჩვენ განვიხილავს ამ მკვლელობას იმავე რანგში, რაც იყო ღონღაძის მკვლელობა უკრაინაში და სანაის მკვლელობა საქართველოში“, – აცხადებს დეპუტატი კობა დავითაშვილი.
მისი თქმით, ოპოზიცია დაჟინებით ურჩევს ხელისუფლებას “უმოკლეს ვადაში მკვლელობის უშუალო შემსრულებელი ოლეგ მელნიკოვი დაპატიმრებულ იქნას და იმ თანამდებობის პირთაგან, რომლებიც იქ იმყოფებოდნენ, ერთ–ერთმა მაინც საკუთარი სურვილით დაწეროს განცხადება და წავიდეს დაკავებული თანამდებობიდან“.
“ეს არის ის აუცილებელი მინიმუმი, რასაც ითხოვს პოლიტიკური ოპოზიცია და რაც შესაძლებელს გახდის, რომ პროცესები დარჩეს ნორმალური პოლიტიკური განვითარების პირობებში. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ განვიხილავთ ამ მკვლელობას და მის გამოუძიებლობას, როგორც მკვლელობის უშუალო მუქარას საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის მიმართ, რომელიც ხმას ამოიღებს“, – განაცხადა დავითაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე.