ახალი ამბები

სოხუმი სამშვიდობო ოპერაციისა და მოლაპარაკებათა ფორმატების ცვლილების წინააღმდეგია

თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის განცხადებით, “საუბარი არ არის და არც შეიძლება იყოს აფხაზეთის ტერიტორიაზე რაიმე სახის შერეულ სამშვიდობო ძალების“ განლაგებაზე, იუწყება “აფსნიპრესი“. 


დე ფაქტო პრეზიდენტმა 10 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ასევე განაცხადა, რომ აფხაზური მხარის მოსაზრების გათვალისწინების გარეშე სამშვიდობო ოპერაციის ფორმატს არ შეიძლება რაიმე სახის ცვლილება შეეხოს. მისი თქმით, დსთ–ს კოლექტიური სამშვიდობო ძალები მანდატით დაკისრებულ მოვალეობებს სრულად ასრულებენ.


1994 წლის შეთანხმების მიხედვით, აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში განთავსებულ დსთ–ს კოლექტიური უსაფრთხოების ძალებს მანდატით მხარეთა დაშორიშორების გზით ცეცხლის განუახლებლობის შენარჩუნება და დევნილთა დაბრუნებისათვის აუცილებელი პირობების შექმნის ხელშეწყობა აკისრიათ.


ბაღაფშის განცხადებით, აფხაზური მხარე უარს არ იტყვის ასევე ქართულ–აფხაზური მოლაპარაკებების არსებულ ფორმატზე. “სხვა ქვეყნების ჩართვა მოლაპარაკებათა პროცესში შეუძლებელია“, – იუწყება “აფსნიპრესი“ ბაღაფშის სიტყვებზე დაყრდნობით.


ქართულ–აფხაზური მოლაპარაკებათა არსებული ჟენევის ფორმატი  ითვალისწინებს გაეროს გენერალური მდივნის საქართველოს მეგობარი ქვეყნების – საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, რუსეთის და აშშ–ს მონაწილეობას. თუმცა არსებობს აფხაზეთის გავლით თბილისი–მოსკოვის რკინიგზის აღდგენასა და დევნილთა დაბრუნების თაობაზე  მოლაპარაკებათა სოჭის ფორმატი, რომელსაც არაფორმალურად რუსეთი უძღვება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button