skip to content
ახალი ამბები

თბილისი მიესალმება აშშ-ს მხარდაჭერას სამხრეთ ოსეთის გეგმასთან დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა 30 ოქტომბერს განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების თაობაზე ქართული მხარის სამოქმედო გეგმის მიმართ აშშ-ს მხარდაჭერა “უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენთვის“.


“ამერიკის შეერთებული შტატები პირველად აფიქსირებს მზადყოფნას ჩაერთოს და აქტიური მონაწილეობა მიიღოს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოწესრიგების გეგმის განხორციელებაში. ეს არის ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი განცხადება”,– განაცხადა ბეჟუაშვილმა თბილისში გამართულ პრეს-კონფერენციაზე.


28 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი მიესალმება საქართველოს სამოქმედო გეგმას, რომელიც სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების თაობაზე მოლაპარაკებების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.


“ანალოგიურ დადებით გამოხმაურებას რუსეთისგანაც ველით“, – განაცხადა ბეჟუაშვილმა.


საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა 31 ოქტომბერს სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას ეწვევა, რათა გეგმა ადგილობრივ ხელმძღვანელობას გააცნობს.


“სამშვიდობო გეგმის მიზანი და საბოლოო შედეგი არის სამხრეთ ოსეთის ავტონომია საქართველოს ერთიან სახელმწიფოში“, – განაცხადა ბეჟუაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button