ახალი ამბები

კოკოითი შსკ–ს არსებული ფორმატით შენარჩუნების მომხრეა

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის განცხადებით, 24-25 ოქტომბერს მოსკოვში ქართულ-ოსური კონფლიქტის დარეგულირების საკითხებზე მომუშავე შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომაზე ოსური მხარე დააყენებს მოლაპარაკებების  არსებული ფორმატის შენარჩუნების საკითხს, იუწყება “რია ნოვოსტი“ 21 ოქტომბერს.


კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ხაინდრავამ 18 ოქტომბერს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ქართული მხარე შსკ-ზე, რომელშიც ქართული და სამხრეთ ოსური მხარეების გარდა რუსეთის და ჩრდილოეთ ოსეთის წარმომადგენლებიც არიან ჩართული,  ფორმატის გაფართოებას  და მასში საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვის საკითხს დააყენებს.


“აქ უნდა გავერკვეთ, ქართული მხარე რა მიზნით მოითხოვს შერეული საკონტროლო კომისიის ოთხმხრივი წარმომადგენლობის გაფართოებას, ასევე მოლაპარაკებების მონაწილე მხარის დონეზე ეუთოს სტატუსის გაზრდას. რამდენადაც მე ვიცი, ქართული მხარე აპირებს აშშ-ს შესთავაზოს დამკვირვებლის სტატუსი [შსკ–ში]“, – აცხადებს კოკოითი.


“ქართული მხარის აღნიშნული ინიციატივა მიუღებელია, რადგან აშშ-ს და ეუთოს პოლიტიკა სამხრეთ ოსეთის პრობლემის მოგვარების მიზნით ორმაგი სტანდარტებით არის განპირობებული“, – განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button