ვაშაძე ლატვიას და ესტონეთს სტუმრობდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი 9 და 10 ნოემბერს რიგასა და ტალინს სტუმრობდა, სადაც ის თავის ლატვიელ და ესტონელ კოლეგებს შეხვდა.
ლატვიის საგარეო უწყება იტყობინება რომ მინისტრმა, გირტს ვალდის კრისტოვსკიმ, თავის ქართველ კოლეგასთან 9 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები განიხილა.
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრმა ურმას პაეტმა თავის ქართველ კოლეგასთან 10 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა ”ფუნდამენტური მნიშვნელობის” საკითხია.
”ევროკავშირმაც და ნატომაც მკაფიოდ უნდა დაიცვან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და მისცენ ყოველდღიური პრაქტიკული წონა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არაღიარების პოლიტიკას,” – იტყობინება ესტონეთის საგარეო უწყების პრესსამსახური პაეტის სიტყვებზე დაყრდნობით.
მისი განცხადებით საქართველომ უნდა განაგრძოს რეფორმები, რაც აუცილებელია ევროკავშირსა და ნატოში მისი ინტეგრაციის გზაზე.
პაეტის თქმით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლი საქართველოში კონფლიქტის განუახლებლობის კუთხით ”შეუცვლელია.” მან იქვე დასძინა, რომ მისიას უნდა ქონდეს შესაძლებლობა მანდატი სეპარატისტულ რეგიონებშიც განახორციელოს.
10–11 ნოემბერს ესტონეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გრიგოლ ვაშაძემ ასევე გამართა მოლაპარაკებები პრეზიდენტ ტომას ჰენდრიმ ილვესთან და პრემიერ–მინისტრ ანდრუს ანსიპთან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)