ახალი ამბები

ექსმინისტრი ზურაბიშვილი პარლამენტის მმართველი ბირთვის წინააღმდეგ







ზურაბიშვილი: დემოკრატიას საფრთხე ემუქრება
პრემიერ–მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 19 ოქტომბერს განაცხადა, რომ მან თანამდებობიდან გაათავისუფლა საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი. მისი თქმით მთავრობას და პრეზიდენტს ახალი მინისტრის კანდიდატურასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ–ჯერობით არ მიუღია.


“დღეს მთელი დღის განმავლობაში, მეც და პრეზიდენტიც ვაწარმოებდით კონსულტაციებს ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს ძალიან წარმატებული საგარეო პოლიტიკური კურსი და ეს პრეზიდენტის, მთავრობის და მთლიანად ჩვენი პოლიტიკური გუნდის დამსახურებაა. ამის მიუხედავად, გუშინ, პარლამენტს ჰქონდა ძალიან ბევრი კონკრეტული შენიშვნა საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის მიმართ… შედეგად მე მივიღე გადაწყვეტილება საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე“, – განაცხადა ნოღაიდელმა.


ამ განცხადებამდე ნახევარი საათით ადრე, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრის გადაყენება ჯერ გადაწყვეტილი არ იყო, სალომე ზურაბიშვილმა სატელევიზიო განცხადება გააკეთა “რუსთავი 2“-ის მეშვეობით და პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდა. 


საფრანგეთში დაბადებულმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც არასდროს ერეოდა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში, მწვავედ გააკრიტიკა პარლამენტი და მმართველი პარტია. მის წინააღმდეგ განხორციელებულ “უსაფუძვლო თავდასხმებს და ბრალდებებს“ ზურაბიშვილმა “ნეო-კომუნისტური სისტემის“ წარმომადგენლების მიერ კარგად-დაგეგმილი კამპანია უწოდა. მისი თქმით, ამ ძალების გამარჯვება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების დასრულების მომასწავებელი იქნება.


“არავინ დაიჯეროს, რომ ეს [სკანდალი] არის აგებული რაღაც შეცდომებზე ან დაპირისპირებაზე. ეს არის ზომიერად დაგეგმილი კამპანია, რომელიც პირველივე დღიდანვე დაიწყო [გასულის წლის მარტში საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტის დაკავების შემდეგ].  ჩადებული იყო ნაღმები პირველი დღიდანვე, პირველივე სკანდალიდან, როდესაც მე დამადანაშაულეს [პარლამენტარებმა] გაეროში საქართველოს ვალის გადახდის დაგვიანებაში, რაც წლების განმავლობაში დაგროვდა… ამას მოყვა ბევრი უსაფუძვლო ბრალდება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


მისი თქმით, პარლამენტის გარკვეული ფენა მის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის უკან მდგომი მამოძრავებელი ძალა იყო.   


“როგორც ჩანს, ჩემი პოზიცია, ჩემი გამოსვლები, ჩემი განცხადებები, ჩემი მცდელობა დამეშალა კორუფციული სისტემები რამდენიმე [ქართულ] საელჩოში [საზღვარგარეთ], ბევრ ხალხს უქმნიდა პრობლემებს. და მინდა განვაცხადო, რომ ეს კარგად დაგეგმილი, აგრესიული, ვიტყოდი, ბუნტი არა მხოლოდ ჩემს წინააღმდეგ, არამედ პრეზიდენტის წინააღმდეგაცაა მიმართული. მე მოვახსენე პრეზიდენტს, რომ ვაპირებდი ამ განცხადების გაკეთებას, ამგვარად ეს მისთვის სიურპრიზი არ არის, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ის სრულად იზიარებს ჩემს მოსაზრებებს“, – აღნიშნა მან.


ზურაბიშვილის თქმით, ეს ძალიან რთული მომენტია პრეზიდენტ სააკაშვილისთვის, “რადგანაც მას არ გააჩნია რაიმე საშუალება, რომ ეს [კრიზისი] სწორად მოაგვაროს“. “ერთადერთი სწორი გზა არსებული კრიზისის მოსაგვარებლად არის პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა“, – დასძინა მან.


“დღეს ჩვენ ისტორიული მომენტის წინაშე ვდგავართ. ეს არის იმ ძველი სისტემის, იმ კომუნისტური კიბოს ბოლო ფართხალი. ეს ადამიანები წარმოადგენენ იმ სისტემის გადარჩენის ბოლო ცდას. ან ჩვენ დავდგებით ძალიან მაგრად, ან დავიხევთ უკან. თუ ჩვენ უკან დავიხევთ, დაიწყება უკანსვლა, რაც ნიშნავს განვითარების დემოკრატული გზიდან გადახვევას. ამგვარად, ეს არის ისტორიული მომენტი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის. რადგანაც, საქართველო არის ერთადერთი მაგალითი, სადაც არის მცდელობა იმისა, რომ გამოვიდეთ ტოტალიტარული წარსულიდან… თუ ჩვენ ვერ მივიყვანთ ბოლომდე ჩვენი [ვარდების] რევოლუციის იდეებს, ყველაფერი უკან წავა და ყველა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა დაინახავს ამას. ამ შემთხვევაში, ნეო-კომუნიზმი მიიღებს ახალ ფორმას, გაიმარჯვებს ძველი სისტემა, გაიმარჯვებს რუსეთი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.


“თუ თქვენ გჯერათ იმისი, რაც მე ვთქვი, თუ ფიქრობთ, რომ ქართულ დემოკრატიას საფრთხე ემუქრება, შევიკრიბოთ თბილისის იპოდრომთან ხვალ [20 ოქტომბერს] 13:00 საათზე მხოლოდ ხუთი წუთით. რა თქმა უნდა, ეს არ არის მოწოდება ახალი რევოლუციისკენ“, – მიმართა მან მოსახლეობას.


ამ განცხადებიდან ცოტა ხნის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადება სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე. ნოღაიდელის თქმით, ზურაბიშვილის სატელევიზიო გამოსვლა მისთვის მოულოდნელი იყო.


“დღეს სალომე ზურაბიშვილმა ძალიან მოულოდნელი განცხადება გააკეთა, რასაც მე მისგან არ ველოდი და ძალიან დასანანია, რომ პიროვნება ამგვარ განცხადებებს აკეთებს თანამდებობის დაკარგვის გამო“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა პრეს-კონფერენციაზე.


სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც საქართველოში საფრანგეთის ელჩის თანამდებობა ეკავა, მინისტრის პოსტზე გასული წლის მარტში მას შემდეგ დაინიშნა, რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა მას საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა. გასულ წელს სააკაშვილმა განაცხადა, რომ ზურაბიშვილის დანიშვნის საკითხი საფრანგეთის პრეზიდენტთან ჟაკ შირაკთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან დომინიკ დე ვილეპინთანაც განიხილა.


19 ოქტომბერს გაკეთებულ სატელევიზიო განცხადებაში სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ იგი მადლობის წერილს გაუგზავნის პრეზიდენტ ჟაკ შირაკს. მისი თქმით, საფრანგეთის ხელმძღვანელობის თანხმობა დაენიშნათ იგი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად “ისტორიული ჟესტი იყო საფრანგეთის მხრიდან“.


მან ასევე განაცხადა, რომ იგი საფრანგეთში დაბრუნებას არ აპირებს. “მე საქართველოში ვრჩები; მე ავირჩიე პოლიტიკის გზა… მე გავაგრძელებ აქ მუშაობას“, – განაცხადა მან, თუმცა საქართველოში თავისი მომავალი გეგმების შესახებ არ დაუკონკრეტებია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button