
თავდაცვის მინისტრი აშშ-ს სტუმრობდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. 11-12 ოქტომბერს ქალაქ ბალტიმორში მიმდინარეობდა ორდღიანი კონსულტაციები აშშ-ს თავდაცვის მდივნის მოადგილესთან და გენერალური შტაბის ხელმძღვანელობასთან სამხერო სფეროში თანამშრომლობის შესახებ.
თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური ინფორმაციით, შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმები, განვითარების პრიორიტეტები, ნატოში ინტეგრაცია და სამშვიდობო ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობის საკითხები განიხილეს.
ამერიკის მხარემ წარმოადგინა საქართველოს თავდაცვის სფეროს რეფორმებთან დაკავშირებული რეკომენდაციები და 2006 წლისათვის დახმარების გეგმა, ასევე გამოითქვა მზადყოფნა ამ რეფორმების, საქართველოს დემოკრატიულ განვითარებისა და ნატოში ინტეგრაციის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.
კონსულტაციების შედეგად განისაზღვრა მომავალ წელს თავდაცვის სფეროში საქართველო-ამერიკის ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტები. მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2006 წელს ამერიკის დახმარება მიმართული იქნება საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდაზე, რომელიც თანაბრად შეეხება მატერიალურ-ტექნკურ მხარეს, სამხედრო წვრთნების ჩატარებასა და განათლების სფეროს.