ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო კომიტეტებს ანგარიშს ჩააბარებს

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროინტეგრაციის კომიტეტებმა 18 ოქტომბერს საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი მიიწვიეს, რათა ამ უკანასკნელმა ინფორმაცია მიაწოდოს სამინისტროში მიმდინარე მოვლენებზე და ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე. მოსმენა სამინისტროსა და “ნაციონალური მოძრაობის” წამყვან პარლამენტართა შორის სიტყვიერი ომის ფონზე ტარდება.


პარლამენტარებმა “ნაციონალური მოძრაობიდან“ და პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ საგარეო საქმეთა სამინისტრო გააკრიტიკეს იმ რეაქციის გამო, რომელიც გავლენიანი დეპუტატების მიერ საგარეო უწყების მისამართით გამოთქმულ საყვედურებს მოჰყვა ეროვნულ უმცირესობათა შესახებ ჩარჩო კონვენციის პარლამენტში დაგვიანებით წარდგენის გამო. საგარეო საქმეთა სამინისტრომ დეპუტატ დავით კირკიტაძის გამონათქვამებს, რომელმაც სალომე ზურაბიშვილი დაუდევრობაში დაადანაშაულა, 14 ოქტომბერს განცხადებით უპასუხა და დაგმო “მაღალი რანგის ოფიციალური პირის კრიტიკა“.


“არ დავუშვებ უპატივცემულობას პარლამენტის მიმართ ნებისმიერი სამინისტროს, ნებისმიერი მინისტრის ან ნებისმიერი ოფიციალური პირის მხრიდან… როგორც ჩანს, იმ პირებს, რომლებმაც ეს განცხადება გააკეთეს, არ ესმით რა არის პარლამენტის ფუნქცია და როლი. როგორც ჩანს, მათ საქართველოს კონსტიტუციაც არ იციან კარგად“, – განუცხადა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს 17 ოქტომბერს.


“არ მახსენდება შემთხვევა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს საპროტესტო განცხადება გაეკეთებინა ქვეყნის პარლამენტის მისამართით“, – განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ კოტე გაბაშვილმა 17 ოქტომბერს.


“პირი, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება გაეკეთებინა ეს განცხადება, უნდა დაისაჯოს. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ის- მინისტრი, მინისტრის მოადგილე თუ მხოლოდ თანაშემწე“, – განაცხადა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ 17 ოქტომბერს.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button