skip to content
ახალი ამბები

ეხანუროვი ჯავშანტექნიკის შესყიდვის გარიგებაზე საუბრობს

თავის ქართველ კოლეგასთან ზურაბ ნოღაიდელთან 11 ნოემბერს კიევში გამართული შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა იური ეხანუროვმა ფრთხილი განცხადება გააკეთა იმ დაპირპისპირების თაობაზე, რომელიც საქართველოს მიერ უკრაინაში შესყიდულ ჯავშანტექნიკას ეხება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჯავშანტექნიკა შესყიდვისთანავე მწყობრიდან იყო გამოსული.  


“როგორც მე ვიცი, ეს ჯავშანტექნიკა ჟიტომირის ქარხანაში იყო დამზადებული და რადგანაც იქ მაჟორიტარი დეპუტატი ვიყავი, ძალიან კარგად ვიცი, რომ იქ საკმაო პასუხისმგებლობის მქონე პირები მუშაობენ. ვფიქრობ, რომ ეს საკითხი [საქართველოს და უკრაინის] პრემიერ-მინისტრების ჩარევის გარეშე გადაწყდება“, – განუცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს ზურაბ ნოღაიდელთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ.


პრემიერ-მინისტრ ნოღაიდელს უკრაინაში ვიზიტის დროს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილიც ახლდა, რომელმაც, გავრცელებული ინფორმაციით, თავის კოლეგასთან გამართა შეხვედრა. შეხვედრის დეტალების თაობაზე ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა, სავარაუდოა, რომ მხარეებმა ჯავშანტექნიკის შესყიდვის საკითხიც განიხილეს.


საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ჯავშანტექნიკის 40 ერთეული უკრაინისგან გასულ წელს შეისყიდა. 2005 წლის სექტემბერში სამხედრო პოლიციამ თავდაცვის სამინისტრომ სამი ყოფილი მაღალჩინოსანი დააპატიმრა სამსახურებრივი მოვალეობის გადამეტების ბრალდებით. სწორედ ისინი იყვნენ შესყიდვის კონტროლზე პასუხისმგებელნი. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ჯავშანტექნიკა შესყიდვის მომენტში უკვე მწყობრიდან იყო გამოსული, თუმცა დაკავებულნი ამ ფაქტს უარყოფენ.


ადგილობრივი სამხედრო ანალიტიკოსები ასევე ეჭვქვეშ აყენებენ ამ ბრალდებას და აცხადებენ, რომ ჯავშანტექნიკა არასწორად გამოყენებამ დააზიანა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button