ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი ლონდონში ბრიტანელ კოლეგას შეხვდა

12 ოქტომბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს  მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც 11 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში გაემგზავრა, ლონდონში უკვე შეხვდა თავის ბრიტანელ კოლეგას ჯექ სთროუს და სხვა ოფიციალურ პირებს.


შეხვედრისას განიხილეს ევროკავშირთან სამეზობლო პოლიტიკის საქართველოს სამოქმედო გეგმაზე მოლაპარაკებების შეფერხების საკითხი, რომელიც ორჯერ გადაიდო. ჯექ სთროუმ, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელმა, სალომე ზურაბიშვილთან საუბრისას განაცხადა, რომ უფრო მეტ დროს დაუთმობს საქართველოს სამოქმედო გეგმის საკითხს, რათა წლის ბოლომდე მოხდეს მისი შემუშავება.


“მირჩევნია მოლაპარაკებები გაგრძელდეს დიდხანს, ვიდრე შემდგომში 3-4 წელი ვიმუშაოთ იმ გეგმით, რომელიც მიუღებელი იქნება საქართველოს მხარისათვის და რომელშიც არ იქნება გათვალისწინებული ქართული მხარის მოთხოვნები”, – იუწყება საგარეო საქმეთა სამინისტრო სალომე ზურაბიშვილის სიტყვებზე დაყრდნობით. 


მინისტრებმა საუბრისას ყურადღება გაამახვილეს საქართველოში არსებულ კონფლიქტურ ზონებზე და ამ ჭრილში განიხილეს რუსეთის როლი.  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, გაყინული კონფლიქტები გაყინულ სამშვიდობო პროცესადაა გადაქცეული, რისი მოგვარება პირდაპირ კავშირშია რეგიონში სტაბილურობასთან, რითაც უნდა იყოს
დაინტერესებული თავად ევროკავშირი.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯექ სთროუ საქართველოში მოიწვია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button