skip to content
ახალი ამბები

ყაზახეთი საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობებით ინტერესდება

საქართველოში ვიზიტად მყოფმა ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა 3 ოქტომბერს თბილისში განაცხადა, რომ საქართველოსთან ურთიერთობებში ყაზახეთის მთავარ ინტერესს ამ უკანასკნელის სატრანზიტო შესაძლებლობები წარმოადგენს ყაზახური ნავთობის და სხვა ტვირთების ევროპაში ტრანსპორტირების მიზნით. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიესალმა ყაზახეთთან ურთიერთობებს და მას “პრობლემებისგან თავისუფალი“ უწოდა.


ორმა პრეზიდენტმა მოლაპარაკებების შემდეგ თბილისში პრეს-კონფერენცია გამართა.


“ყაზახეთისთვის [საქართველოსთან] ეკონომიკური თანამშრომლობა მთავარ ინტერესს წარმოადგენს. კასპიის ზღვის სანაპიროზე ჩვენ უმსხვილესი პორტი ავაშენეთ – აკტაუს პორტი, რომელსაც ამჟამად 15 მილიონი ტონა ნავთობის გატარება შეუძლია [წელიწადში]… ამჟამად მშენებლობის სტადიაში იმყოფება კიდევ ერთი პორტი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი გახდება ყაზახეთიდან კავკასიისა და შავი ზღვის გავლით ევროპაში გასვლა. სწორედ ეს იყო აჭარაში და ბათუმის პორტში ჩემი ვიზიტის მიზანი. ამ უკანასკნელის შესაძლებლობების გაცნობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ კუთხით და მინდა მადლობა გადავუხადო მიხეილ სააკაშვილს და აჭარის ხელმძღვანელობას ამ შესაძლებლობისთვის, რომ გავცნობოდი ბათუმის პორტის სიმძლავრეებს“, – განაცხადა ნურსულთან ნაზარბაევმა.


“მეორე, სარკინიგზო მიმოსვლა ბაქოსა და შავ ზღვას შორის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა ჩვენთვის შავი და ფერადი ლითონების, ასევე სხვა ტვირთების ტრანსპორტირებისთვის,“ – განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა.


“ჩვენ ყაზახეთთან ურთიერთობის ყველაზე სასიამოვნო გამოცდილება გვაქვს. ყაზახეთი არასოდეს უქმნის ვინმეს პრობლემებს… და ყაზახეთის ნებისმიერი მონაწილეობა საერთაშორისო პროცესებში მხოლოდ მისასალმებელია, ჩვენ მათი იმედი გვაქვს“, – განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button