ახალი ამბები

ბოკერია: “ნაციონალური მოძრაობა” კანონის შესაბამისად მოქმედებს

“ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბში დღეს გამართულ ბრიფინგზე დეპუტატმა გიგა ბოკერიამ პარტიის ორგანიზებით საარჩევნო უბნებამდე ამომრჩევლების ტრანსპორტირებაზე, საარჩევნო სიებში დარღვევებსა და დაგეგმილ ეგზით პოლებზე გააკეთა განცხადება.


დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ნაციონალური მოძრაობა” სამარშტუტო ტაქსების მეშვეობით ახორციელებს ამომრჩევლების უბნებზე ტრანსპორტირებას. ბოკერიას განცხადებით, კანონი არ კრძალავს აგიტაციის ამგვარ ფორმას არჩევნების დღეს.


საარჩევნო კოდექსის მიხედვით, კენჭისყრის წინა დღის 24 საათის შემდეგ იკრძალება მასობრივი ინფორმაციის საშულებებით და ასევე საარჩევნო უბნებზე აგიტაცია.


“რაც შეეხება ტელეეკრანების ან გაზეთების მიღმა საკუთარი ამომრჩევლების ორგანიზებას ან მათთვის დახმარების გაწევას უბნებზე მისასვლელად – ეს კანონით დაშვებულია ყველასთვის,  მათ შორის ნაციონალური მოძრაობისთვისაც და მათი ოპონენტებისთვისაც“, – განაცხადა ბოკერიამ.


მან ასევე კომენტარი გააკეთა ამომრჩევლების სიაში არ ყოფნის თაობაზეც.  მისი განმარტებით, ადამიანი, რომელსაც არ მიუღია არცერთ ბოლო არჩევნებში მონაწილეობა და არჩევნებამდე არ გაიარა რეგისტრაცია, “ის არც უნდა იყოს სიაში და ამაში არანაირი დარღვევა არ არის. დარღვევა იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ წინა არჩევნებში მონაწილე ან რეგისტრაცია გავლილი ამომრჩეველი არ აღმოჩნდებოდა სიაში, ჩვენი მონაცემებით ასეთი შემთხვევები არის უკიდურესი გამონაკლისი  – სულ თითზე ჩამოსათვლელი შემთხვევები“.


ბოკერიას ინფორმაციით, ისნის რაიონში კომპანია “PR Consulting”–ი ატარებს ეგზით პოლებს, რაც “ნორმალური მოვლენაა“.


“თუმცა მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება, რომ გარდა იმისა, რომ ჩვენ არ ვიცით, რა რეპუტაციის მქონე კომპანიასთან [PR Consulting] გვაქვს საქმე, ერთ–ერთმა კანდიდატმა ისნის რაიონში გუშინ “რუსთავი 2“–ზე გააკეთა ძალიან ორიგინალური განცხადება, რომ ყველა წინასწარი მონაცემებით ის იგებს არჩევნებს და ის ასევე იგებს არჩევნებს იმ ეგზით პოლებით, რომელიც ხვალ ჩატარდებაო“, – განუცხადა ბოკერიამ 1 ოქტომბერს ბრიფინგზე ჟურნალისტებს.


აღსანიშნავია, რომ ისნის საარჩევნო ოლქში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის ბიძინა ბრეგაძის მთავარი კონკურენტი ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი “ახალი მემარჯვენეებიდან“ გიორგი მოსიძეა.


დღესვე ცსკ–ს თავმჯდომარემ გია ქავთარაძემ განაცხადა, რომ ეგზით პოლების საღამოს 24 საათამდე გამოქვეყნება საარჩევნო კანონმდებლობით იკრძალება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button