
რუსეთის საგარეო უწყება რკინიგზასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე კომენტარს აკეთებს
რუსეთი მიესალმება აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის რკინიგზის ამჟამინდელი მდგომარეობის შეფასების დაწყებას რუს და აფხაზ ექსპერტთა ერთობლივი ჯგუფის მიერ, თუმცა სინანულს გამოთქვამს ამ ჯგუფში ქართველ ექსპერტთა არყოფნის გამო, აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მიხეილ კამინინი 12 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ქართველი ექსპერტები თავიანთ რუს და აფხაზ კოლეგებს 9 აგვისტოს უნდა შეერთებოდნენ, თუმცა, ოფიციალური თბილისის განცხადებით, აფხაზურმა მხარემ უარი განაცხადა მიეღო რამოდენიმე ქართველი ექსპერტი, რომლებიც აფხაზეთიდან დევნილები არიან. საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავამ 11 აგვისტოს აფხაზური მხარე ქართველ ექსპერტთა დისკრიმინაციაში დაადანაშაულა.
თუმცა, როგორც მიხეილ კამინინმა განაცხადა, თბილისის ბრალდება აფხაზური მხარის მიმართ „უსაფუძვლოა“.
„მოვუწოდებთ ორივე მხარეს, და პირველ რიგში ქართულ მხარეს, რომ მიიღონ ყველა ზომა, რათა გამოიძებნოს კომპრომისი, ხოლო მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტი პოლიტიკური ამბიციების მძევალი არ გახდეს“, განაცხადა კამინინმა.
This post is also available in: English (ინგლისური)