
თბილისი სოხუმს ქართველი ექსპერტების „დისკრიმინაციაში“ ადანაშაულებს
კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფი მინისტრის აპარატის მიერ 11 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აფხაზეთიდან დევნილი ქართველი ექსპერტებისთვის უარის თქმა სოხუმში სარკინიგზო მიმოსვლის შესაძლო აღდგენის შესახებ ერთობლივი ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობაზე „არის დისკრიმინაცია“, რომელიც კიდევ ერთხელ იწვევს „ჩვენს შეშფოთებას აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ადამიანის ფუნდამენტალური უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით“.
ქართველ ექსპერტებს აფხაზეთის რკინიგზაზე არსებული მდგომარეობის შეფასებაში მონაწილეობა თავიანთ რუს და აფხაზ კოლეგებთან ერთად უნდა მიეღოთ; თუმცა, თბილისის განცხადებით, აფხაზურმა მხარემ თვითგამოცხადებულ რეგიონში არ შეუშვა აფხაზეთიდან დევნილი ის ქართველი ექსპერტები, რომელთაც რეგიონი 90-იანი წლების დასაწყისში, შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ იძულებით დატოვეს.
„გულუბრყვილობა იქნებოდა გვეფიქრა, რომ აფხაზეთთან დაკავშირებული საკითხები ქართული მხარის მონაწილეობის გარეშე შეიძლება გადაწყდეს“, ნათქვამია განცხადებაში.
აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრემიერმა ლეონიდ ლაკერბაიამ 10 აგვისტოს განაცხადა, რომ აფხაზურ მხარეს არ გააჩნია ინფორმაცია ქართველი ექსპერტების არყოფნის მიზეზის შესახებ. „ქართულ მხარეს არ გააჩნია რაიმე მოტივირებული მიზეზი ექსპერტთა მუშაობაში მონაწილეობის უარყოფაზე“, განაცხადა მან. „როგორც ჩანს, კიდევ ერთხელ პოლიტიკა ეკონომიკაზე მაღლა დადგა“, დასძინა ლაკერბაიამ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)