skip to content
ახალი ამბები

აფხაზური მხარე თბილისის მოლაპარაკებებს ბოიკოტს უცხადებს

თვითგამოცხადებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ იგი არ მიიღებს მონაწილეობას თბილისში 22 ივლისს დაგეგმილ ქართულ–აფხაზურ მოლაპარაკებებში.


ტელეკომპანია “იმედთან“ სატელეფონო ინტერვიუში შამბამ ამის მიზეზად დაასახელა თბილისის მიერ აფხაზური მხარისათვის იმ ტვირთის არ გადაცემა, რომელსაც კონფისკაცია მაშინ გაუკეთდა, როცა საქართველოს სანაპირო დაცვამ 3 ივლისს თურქული გემი საქართველოს ტერიტორიული წყლების აფხაზეთის მონაკვეთზე დააკავა.


“ჩვენ დაგვპირდნენ, რომ ტვირთს ოთხშაბათისთვის [21 ივლისს] გადმოგვცემდნენ, თუმცა ეს არ შესრულებულა. ჩვენ არ შეგვიძლია მოლაპარაკებები მსგავსი ინციდენტების ფონზე წარვმართოთ“, განაცხადა სერგეი შამბამ.


აფხაზური მხარის უარის მიუხედავად, ჟენევის ფორმატით ცნობილი მოლაპარაკებები თბილისში მაინც გაიმართება ქართული მხარისა და გაეროს გენერალური მდივნის საქართველოს მეგობარი ქვეყნების  (საფრანგეთი, გერმანია, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი და აშშ) ჯგუფის წარმომადგენელთა მონაწილეობით. შეხვედრას ასევე დაესწრება გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში ჰეიდი ტალიავინი.


გაეროს ეგიდით დაგეგმილ თბილისის მოლაპარაკებებზე უსაფრთხობისა და დევნილთა დაბრუნების საკითხები განიხილება. 


თავდაპირველად ეს მოლაპარაკებები 20 ივლისს უნდა გამართულიყო, თუმცა პარასკევისთვის გადაიდო “ტექნიკური მიზეზებით“ აფხაზური მხარის თბილისში ჩამოუსვლელობის გამო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button