კოკოითი: რუსული ბაზების შემდეგ თბილისის მიზანი სამშვიდობო ძალების გაყვანაა
თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა 27 ივნისს მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის კვალდაკვალ თბილისი შეეცდება მიაღწიოს ქართულ–ოსური კონფლიქტის ზონიდან რუსული სამშვიდობო ძალების გაყვანასაც.
“საქართველოს პრეზიდენტს ჰქონდა ერთი მიზანი – რუსული ბაზები. ეხლა ეს მიზანი რუსული სამშვიდობოებია“, იუწყება “რია ნოვოსტი“ კოკოითის სიტყვებზე დაყრდნობით.
კავკასიაში რუსეთის, როგორც სტაბილურობის გარანტზე საუბრისას, კოკოითს მაგალითად მოჰყავს ქართულ–აფხაზური და ქართულ–ოსური კონფლიქტის ზონებში განლაგებული რუსი სამშვიდობოების შემაკავებელი როლი.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასევე მოუწოდებს რუსეთს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რათა “მკაცრ კონტროლზე აიყვანონ“ საქართველოს ორი პორტი – ფოთი და ბათუმი, საიდანაც კოკოითის განცხადებით, “შემოდის შეიარაღება და ტექნიკა“, რომელიც “ჩვენს [კავკასიის ხალხების] წინააღმდეგ არის მიმართული“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)