ახალი ამბები

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სამხედრო ბაზებზე კომენტარს აკეთებს

რუსულ გაზეთ “როსიისკაია გაზეტა”-სთვის  მიცემულ ინტერვიუში რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა განაცხადა, რომ მოსკოვს “სულ ცოტა ოთხი წელი“ დასჭირდება საქართველოდან სამხედრო ბაზების გასაყვანად.


“მთავარი ის არ არის, თუ როდის დავიწყებთ გამოყვანას, მთავარია, თუ როდის დავასრულებთ. [ბათუმში და ახალქალაქში განლაგებული] მძიმე ტექნიკის და პერსონალის რაოდენობის გამოანგარიშებით, სულ ცოტა ოთხი წელია საჭირო ჩვენ ტერიტორიაზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის ასაშენებლად [იმ ბაზებისთვის, რომლებიც საქართველოდან გამოვა]“, განაცხადა სერგეი ივანოვმა.


“თუმცა, ბიუჯეტი ამ მიმართულების დაფინანსებას არ ითვალისწინებს … დამატებითი დაფინანსების გამოყოფა 2006 წლამდე შეუძლებელია“, დასძინა მან.


მისი თქმით, მძიმე ტექნიკის გამოყვანასაც თანხები სჭირდება. თუმცა, თბილისის განცხადებით, საქართველოდან რუსეთის საზღვრამდე მძიმე ტექნიკის ტრანსპორტირების ხარჯებს ქართული მხარე გაიღებს. 


ჟურნალისტმა კითხა ივანოვს, თუ რას მოიმოქმედებს რუსული მხარე იმ შემთხვევაში, თუ ახალქალაქის ადგილობრივი მოსახლეობა გზებს გადაკეტავს. როგორც ცნობილია, ახალქალაქის მოსახლეობამ ცოტა ხნის წინ ორი საპროტესტო აქცია გამართა რუსული ბაზის გაყვანის წინააღმდეგ, რადგანაც ეს ბაზა მათი დასაქმების მთავარ წყაროს წარმოადგენს.


“თუ გზა გადაიკეტება, ჩვენ ვერსად ვერ წავალთ. გზები თავისუფალი უნდა იყოს“, უპასუხა ივანოვმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button