skip to content
ახალი ამბები

ბაღაფში: აფხაზეთს რუსეთში ინტეგრაციის სურვილი აქვს

აფხაზეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა სერგეი ბაღაფშმა სოხუმში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სოხუმი რუსეთში ინტეგრაციის მომხრეა.


“ჩვენ ვიცით, თუ რამდენი რამ გააკეთა რუსეთმა ომის დროს და ომის შემდგომ პერიოდში“, აცხადებს საინფორმაციო სააგენტო “რეგნუმი“ სერგეი ბაღაფშის სიტყვებზე დაყრდნობით.


საქართველოსთან მომავალ ურთიერთობებზე საუბრისას ბაღაფშმა განაცხადა, “ეს საკითხი უკვე მოგვარებულია“.


პრეზიდენტობის კანდიდატმა მხარი დაუჭირა მთავრობის ფორმირებას პროფესიონალური ნიშნის მიხედვით. “არ შეიძლება თანამშრომლების აყვანა პოლიტიკური კუთვნილების მიხედვით. სახელმწიფო მოხეელები ხალხს უნდა ემსახურებოდნენ, ხოლო მათ, ვისაც ფულის შოვნა სურთ, ბიზნესში უნდა წავიდნენ. არ შეიძლება ერთდროულად მინისტრიც იყო და მდიდარი ადამიანიც“, განაცხადა ბაღაფშმა.


მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, იგი მთავრობას აფხაზეთში მცხოვრები ყველა ეროვნების მოქალაქისგან დააკომპლექტებს. 


ბაღაფშმა ასევე ხაზი გაუსვა ქვეყანაში თავისუფალი მედიის არსებობის საჭიროებას, რადგანაც “სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობა თავისუფალი მედიის გარეშე შეუძლებელია“.


განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში 12 იანვარს არის დაგეგმილი. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე გაატარა რეგისტრაციაში პრეზიდენტობის ორი კანდიდატი სერგეი ბაღაფში და იაკუბ ლაკობა.


ბაღაფში და მისი ყოფილი ოპონენტი რაულ ხაჯიმბა ერთიანი გუნდით მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში – ბაღაფში პრეზიდენტად იყრის კენჭს, ხაჯიმბა კი – ვიცე-პრეზიდენტად. 

Back to top button