
თბილისში ეუთო-ს ექსპერტთა ჯგუფი იმყოფება
დღეს საქართველოში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით მყოფმა ეუთო-ს კონფლიქტების პრევენციის ცენტრის ექსპერტთა ჯგუფმა, რომელსაც ოფიცერი კარლჰეინც ჰორნდაშერი ხელმძღვანელობს, შეხვედრა გამართა საზღვრის დაცვის დეპარტამენტში, სადაც განიხილეს საზღვრის დაცვის პრიორიტეტები, საზღვრის მართვისა და უსაფრთხოების მოქმედებათა გეგმა და ეუთო-ს მიერ დახმარების გაწევის შესაძლო სფეროები.
შეხვედრის დასრულების შემდეგ საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარემ ბადრი ბიწაძემ ჟურნალისტებთან საუბარში ხაზი გაუსვა ეუთო-ს საზღვის მონიტორინგის მანდატის გაგრძელების მნიშვნელობას, რომელიც “მომავალში თავიდან აგვაცილებს რუსეთიდან ჩვენი [საქართველოს] მისამართით წამოსულ უსაფუძვლო ბრალდებებს”.
ეუთო-ს აღნიშნულ მისიას, რომელიც რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთის, ინგუშეთისა და დაღესტნის მონაკვეთზე ახორციელებს მონიტორინგს, მანდატი მიმდინარე წლის დეკემბერში ეწურება. თუმცა მანდატის გაგრძელებას ეუთო-ში რუსეთი ბლოკავს.