ახალი ამბები

ერთი წლის თავზე დიდ მოლოდინთან ერთად იმედგაცრუებაც გაჩნდა







ვარდების რევოლუციის წლისთავზე საზოგადოებაში
ეიფორიულმა განწყობამ იკლო.
“ვარდების რევოლუციიდან“ ერთი წლის შემდეგ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა იმედიანად უყურებს ქვეყნის მომავალს, თუმცა ახლანდელი ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილთა რაოდენობაც სულ უფრო და უფრო იზრდება. 
 
საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევის ცენტრის “გორბის” მიერ საქართველოს მასშტაბით, გარდა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთისა, ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, საქართველოს მოქალაქეთა 53% სჯერა, რომ ქვეყანა “სწორი მიმართულებით ვითარდება“. (გამოკითხვის შედეგები იხილეთ PDF ფორმატში
 
თუმცა, იმ მოქალაქეთა რიცხვი – 5%, რომელიც 2004 წლის თებერვალში თვლიდა, რომ ქვეყანა “არასწორი მიმართულებით ვითარდება“ ასევე გაიზარდა და 2004 წლის ნოემბერს 30% შეადგინა. 
 
სოციალური პრობლემები, მათ შორის უმუშევრობა, პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციის ერთ-ერთ მთავარ ხარვეზს წარმოადგენს, რაც ხშირად რიგითი მოქალაქეების კრიტიკის საფუძველი ხდება.
 
“იმის გაგრძელება, რაც ხდებოდა შევარდნაძის მმართველობის დროს აღარ შეიძლებოდა, მაგრამ ისიც დაუშვებელია, რაც ახლა ხდება. სამსახურს ის შოულობს, ვინც სააკაშვილის პარტიაშია [ნაციონალურ მოძრაობაში], ან აქტიურ მონაწილეობას იღებდა რევოლუციაში. ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ ხელისუფლებას ავიწყდება, რომ რევოლუცია ქვეყანაში სწორედ ხალხის თანადგომით მოხდა“, განუცხადა “სივილ ჯორჯიას“ 56 წლის ელენე მჭედლიძემ.
 
“ხელისუფლების დანაპირები, რომ ახლა უპირატესობა ახალგაზრდა, განათლებულ კადრებს ენიჭებათ და მათ გარანტირებული სამუშაო ადგილები აქვთ, არ არის მართალი და ეს მე საკუთარი შვილის მაგალითზე გამოვცადე. მან იცის ორი უცხო ენა, დამთავრებული აქვს უმაღლესი, სწავლობდა საზღვარგარეთაც, მაგრამ დღემდე ვერ იშოვა სამსახური, მიზეზი მარტივია, არ ჰყავს გავლენიანი ნაცნობი“, აცხადებს თბილისელი გულიკო მოდებაძე.
 
“ერთი წლის წინ იმ 14-ლარიანი პენსიით უფრო მეტი პროდუქტის შეძენა შემეძლო, ვიდრე ახლა, ყველა პროდუქტზე ფასი მომატებულია. გამოდის რომ პენსიის მომატებას აზრი არ აქვს“, ამბობს 83 წლის თბილისელი პენსიონერი.
 
“საერთო ჯამში, მიმაჩნია, რომ ეს წელიწადი პოზიტიური იყო საქართველოსთვის, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მთავრობას უფრო მეტის გაკეთება შეეძლო და უკეთესადაც“, აცხადებს აფხაზეთიდან დევნილი ნანა ნაჭყებია. 
 
“გორბის” მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, შევარდნაძის მთავრობის მაღალი რანგის ჩინოვნიკთა დაპატიმრებები სააკაშვილის ადმინისტრაციის ყველაზე პოპულარულ ღონისძიებად რჩება.
 
ახლანდელი ხელისუფლების ერთ-ერთ წარმატებულ ნაბიჯად საპატრულო პოლიციის ჩამოყალაბება მიიჩნევა. ზაფხულში საქართველოს მთავრობამ დაითხოვა საგზაო პოლიციის 15,000 თანამშრომელი და ახალი, კარგად-მომზადებული საპატრულო პოლიცია შექმნა.
 
“ერთი რამ მაგონდება, როდესაც ამ პერიოდში მომხდარ დადებით ცვლილებებზე ვფიქრობ – ეს, რა თქმა უნდა, საპატრულო პოლიციის შექმნაა. რა თქმა უნდა, ეს უზარმაზარი პროგრესია, როდესაც გამომძალველები აღარ დგანან ქუჩებში, ძველ პოლიციას ვგულისხმობ“, აცხადებს თბილისელი ტაქსის მძღოლი.
 
მიუხედავად პოპულარობის შემცირებისა, მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 96% მოაგროვა, საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევის ცენტრის გამოკითხვის თანახმად კვლავ ყველაზე პოპულარულ პოლიტიკოსად რჩება საქართველოში ხმების 58%-ით. სააკაშვილს, როგორც ყველაზე სანდო პოლიტიკოსს, მოჰყვება პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე.
 
“ერთპიროვნულ“ მმართველს საზოგადოება ურჩევს ყურადღება მიაქციოს გარემოცვას. მოსახლეობის აზრით, ხანმოკლე პერიოდის მიუხედავად ხელისუფლებაში გამოიკვეთნენ ადამიანები, რომლებიც არა ქვეყნისთვის, არამედ პირადი ინტერესებისთვის იბრძვიან.  „ეს დიდ ზიანს მიაყენებს ქვეყანას და თავად პრეზიდენტს, ამის გამოცდილება საქართველოს ისტორიაში მრავლად არის“, აცხადებს ლალი კახიძემ.

მსგავსი/Related

Back to top button