ახალი ამბები

მოსკოვმა აფხაზეთის კრიზისის მოგვარება ვერ შეძლო







ბაღაფშის თქმით, მოსკოვი მასზე ზეწოლას ახდენს
ფოტო: ტელეკომპანია NTV

მოსკოვში გამართული ორდღიანი მოლაპარაკებების მიუხედავად, აფხაზეთის პრეზიდენტობის ორივე კანდიდატი კვლავ უკომპრომისო პოზიციას ინარჩუნებს – ოპოზიციის ლიდერი სერგეი ბაღაფში 7 დეკემბრის ინაუგურაციისთვის ემზადება, მაშინ როცა სახელისუფლებო კანდიდატი რაულ ხაჯიმბა დეკემბერში განმეორებითი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს.

რუსეთის ოფიციალურ წარმომადგენლებთან გამართული მოლაპარაკებების ზოგიერთი დეტალი 3 ნოემბერს, რაულ ხაჯიმბასა და სერგეი ბაღაფშის სოხუმში დაბრუნების შემდეგ გახდა ცნობილი.
 
ოპოზიციის კანდიდატმა სერგეი ბაღაფშმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოსკოვში 1-2 ნოემბრის ვიზიტის დროს მან მოლაპარაკებები გამართა რუსეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან იგორ ივანოვთან და რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის უფროსთან ნიკოლაი პატრუშევთან, იტყობინებიან რუსული საინფორმაციო სააგენტოები.
 
სოხუმში თავის მხარდამჭერებთან საუბრისას, სერგეი ბაღაფშმა აშკარად მიანიშნა, რომ ოფიციალური მოსკოვი, რომელიც ღიად უჭერს მხარს რაულ ხაჯიმბას კანდიდატურას, მასზე ზეწოლას ახდენს და ემუქრება აფხაზეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებით, თუკი ბაღაფში პოზიციას არ შეიცვლის. 
 
“ჩვენ ვიღებთ რჩევებს და პატივს ვცემთ რუსეთის ხელისუფლების პოზიციას, თუმცა ვერ შევეგუებით ზეწოლას. ზოგიერთები შეეცადნენ მუქარით გავეფრთხილებინეთ, რომ ჩაკეტავდნენ რუსეთ-აფხაზეთის საზღვარს მდინარე ფსოუზე, თუ არ დავთანხმდებოდით განმეორებით არჩევნებზე. მაგრამ თუ ჰგონიათ, რომ ჩვენი დაშინება შესაძლებელია მუქარის გზით, ძალიან ცდებიან”, იუწყება რუსული გაზეთი “კომერსანტი“ სერგეი ბაღაფშის სიტყვებზე დაყრდნობით. 
 
“რუსეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლებს და რაულ ხაჯიმბას ერთნაირი პოზიცია ჰქონდათ, მე კი განსხვავებული. მაგრამ მე ვუთხარი მათ, რომ მტერი არ ვარ, არამედ წარმოვადგენ აფხაზ ამომრჩეველს, რომელმაც ოპოზიციას მისცა ხმა”, დასძინა მან. 
 
“კომერსანტის“ ცნობით, სერგეი ბაღაფში მზად არის რაულ ხაჯიმბას თანამდებობა შესთავაზოს მთავრობაში, თუ ეს უკანასკნელი უარს იტყვის პრეზიდენტობაზე. კერძოდ, ბაღაფში მას უშიშროების ან თავდაცვის მინისტრის პოსტს სთავაზობს. თუმცა, იგი წინააღმდეგია, რომ ხაჯიმბამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაიკავოს.  
 
სერგეი ბაღაფშმა გამორიცხა განმეორებითი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა და აღნიშნა, რომ იგი 7 დეკემბერს დაგეგმილი  ინაუგურაციისთვის მოემზადება.
 
მისმა მეტოქემ, პრეზიდენტობის სახელისუფლებო კანდიდატმა რაულ ხაჯიმბამ, რომელიც ასევე იმყოფებოდა მოსკოვში, დაბრუნებისას განაცხადა, რომ დეკემბერში განმეორებითი არჩევნები ჩატარდება. “ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ამის იმედი გვაქვს”, დასძინა ხაჯიმბამ.
 
მისი თქმით, დე ფაქტო პრეზიდენტმა ვლადისლავ არძინბამ უკვე გამოსცა ბრძანებულება განმეორებითი არჩევნების ჩატარების თაობაზე. “ეს ბრძანებულება უნდა შესრულდეს“, განაცხადა ხაჯიმბამ.
 
ბრძანებულებას განმეორებითი არჩევნების ჩატარების თაობაზე არძინბამ 29 ოქტომბერს მოაწერა ხელი. მანამდე უზენაესმა სასამართლომ გააუქმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების ბაღაფშის გამარჯვებულად გამოცხადების თაობაზე. მოგვიანებით, სასამართლომ აღიარა, რომ მასზე ხაჯიმბას მხარდამჭერებმა ზეწოლა მოახდინეს და აიძულეს განმეორებითი არჩევნების ჩატარების შესახებ მიეღო გადაწყვეტილება. ამგვარად, შეიქმნა ვითარება, საიდანაც იურიდიული გზებით გამოსავლის პოვნა პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება.


თუმცა, სერგეი ბაღაფშმა 3 ნოემბერს განაცხადა, რომ იგი სამართლებრივი ჩარჩოებიდან არ გადაუხვევს, თან დასძინა, რომ არსებული კრიზისის მოგვარების ორი გზა არსებობს. “პირველი გულისხმობს პრობლემის მოგვარებას პარლამენტში. და მეორე – თუ პარლამენტი ვერ შეძლებს გადაწყვეტილების მიღებას, ჩვენ საყოველთაო ეროვნულ კრებას მოვიწვევთ”, განაცხადა ბაღაფშმა.
 
ამავდროულად, არსებული ინფორმაციით, პარლამენტი რაულ ხაჯიმბას მომხრეებს აქვთ დაკავებული, რის გამოც, ბაღაფშის მხარდამჭერთა განცხადებით, საკანონმდებლო ორგანო “პარალიზებულია”. ერთადერთი აფხაზური ტელევიზიის შენობა კი კვლავ ოპოზიციის კონტროლს ექვემდებარება.

მსგავსი/Related

Back to top button