ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი „გულწრფელ, შეცდომაში შეყვანილ ახალგაზრდებს“ მიმართავს, ოპონენტების „დაბალ IQ“-ზე საუბრობს

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 10 მაისს „ფეისბუქზე“ „გულწრფელი“, თუმცა „შეცდომაში შეყვანილი“ ახალგაზრდების მისამართით ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც აცხადებს, რომ „უცხოელი აგენტების“ კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებში სტაბილურად 10 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს და მათი უმეტესობა ნაციონალური მოძრაობიდანაა, ხოლო „ქართული ოცნება“ უფრო მაღალი IQ-ს მქონე ქართველებითაა წარმოდგენილი.

„ქართული ოცნების“ მიერ 3 აპრილს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახალი ინიცირების შემდეგ, ათიათასობით ქართველი ქუჩაში გამოვიდა. შიდა აქციებს მასობრივი საერთაშორისო პროტესტი დაემატა, რა დროსაც პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ და აფრთხილებენ, რომ კანონის მიღებას ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისთვის მძიმე შედეგები მოყვება.

„ზოგადად, სახელმწიფოსთვის ყველაზე საშიში საშუალო ინტელექტისა და ცოდნის მქონე ადამიანების დომინირებაა, რასაც დანინგ-კრუგერის თეორიაც ადასტურებს. ამ თეორიის თანახმად, საშუალო ინტელექტისა და ცოდნის მქონე ადამიანს ახასიათებს თავდაჯერებულობის ყველაზე მაღალი ხარისხი. ადამიანს, რომელსაც კანონი არ წაუკითხავს, მაგრამ ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორისგან და ოკეანის გაღმიდან მოისმინა, რომ ეს კანონი რუსულია, ყველაზე მყარად სწამს, რომ მის მიერ წაუკითხავი კანონი ცუდია“, – წერს პრემიერ-მინისტრი ვრცელ წერილში და დასძენს, რომ „ცოდნისა და ინტელექტის არმქონე და თავდაჯერებული ადამიანი რუსულ ტანკზე უარესია“.

პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ახალგაზრდული საპროტესტო მოძრაობები და მათ „ძალადობრივი“ უწოდა. შემდეგ კობახიძემ „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე, ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი და უცხოელი დონორები ამ ჯგუფების „შავი და გაუმჭვირვალე ფულით“ დაფინანსებაში დაადანაშაულა.

ღია წერილში, კობახიძე იდუმალ, თუმცა მისთვის ნაცნობ „გულწრფელ ახალგაზრდაზე“ საუბრობს, რომლის პოსტებიც მას ხშირად ხვდება „ფეისბუკზე“ და იგი აქციის მონაწილეებს შორის დაბნეული ახალგაზრდების მაგალითად მოყავს.

პრემიერ-მინისტრმა 2020 წლიდან დღემდე მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით ამ ახალგაზრდის პოზიცია განიხილა, მისი „ფეისბუქის“ პოსტები წყაროდ დაასახელა და დასძინა, რომ „ამდენი შეცდომის მიუხედავად, ეს ჩვენი გულწრფელი ახალგაზრდა დღესაც აქციაზე დგას. არც ქართული კანონი წაუკითხავს და მით უმეტეს, არც რუსული, თუმცა, აქვს რწმენა, რომ ქართული კანონი რუსულია“.

ამ კონტექსტში, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ამ ყველაფრის ფონზე, დღის წესრიგში დგება საკითხი: „ვის უნდა გაჰყვეს ხელისუფლება – საშუალო ინტელექტის მქონე ამ გულწრფელ ახალგაზრდას და მის თანამოაზრეებს, თუ იმ ახალგაზრდა, საშუალო ასაკის და ასაკოვან ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც გასული 3 წლის მანძილზე მოვლენებს სწორად აანალიზებდნენ, არცერთ ხელოვნურად შემოგდებულ პროვოკაციას არ აყვნენ და სახელმწიფოს სიმყარის შენარჩუნებაში დაეხმარნენ?“

პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა „გულწრფელ ახალგაზრდებს“, რომ კარგად გაიაზრონ, „თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ვიაროთ ღირსებით ევროპისკენ, რადგან ევროკავშირში შესვლა მხოლოდ ღირსებით არის შესაძლებელი. 2030 წლისთვის საქართველო სწორედ ღირსებით გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა, როგორც დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button