ახალი ამბები

საქართველოში ნატოს გენერალური მდივანი ჩამოდის







იააპ დე ჰოოპ სხეფერინ პრეზიდენტ სააკაშვილთან
ერთად დღეს ერთობლივ ბრიფინგს გამართავს.
ფოტო: ნატოს ვებ-გვერდიდან
ნატო-ს გენერალური მდივანი იააპ დე ჰოოპ სხეფერი დღეს ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით თბილისს ეწვევა.


ვიზიტის ფარგლებში სხეფერი შეხვდება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას, საგარეო საქმეთა მინისტრ სალომე ზურაბიშვილს, თავდაცვის მინისტრ გიორგი ბარამიძეს, საქართველოში აკრედიტირებულ ნატოს წევრი ქვეყნების ელჩებს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრების დროს საუბარი შეეხება საქართველო-ნატოს თანამშრომლობის პერსპექტივებს, საქართველოში მიმდინარე პროცესებს და აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შექმნილ ვითარებას.


“საქართველოს ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა [IPAP] უკვე დამტკიცებულია. ახლა დროა მისი განხორციელება დავიწყოთ. ასევე განვიხილავთ საქართველო-ნატოს ურთიერთობებს, ზოგადად“, განუცხადა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს 3 ნოემბერს.


ნატო-ს ჩრდილო-ატლანტიკურმა საბჭომ 29 ოქტომბერს საქართველოს ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა (IPAP) დაამტკიცა. საქართველოს ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა ქვეყნის პოლიტიკურ, უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროების რეფორმირებას გულისხმობს. გეგმა ორგანიზაციას პრეზიდენტ სააკაშვილის ბრიუსელში ვიზიტის დროს წარედგინა.


“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედოვნებს, რომ ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის წარმატებით შესრულების შემდეგ საქართველო მიუერთდება ნატოში გაწევრიანების სამოქმედი გეგმას (MAP)“, ნათქვამია სამინისტროს მიერ 29 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში.


ნატოს გადაწყვეტილება საქართველოს სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა შეაფასა, როგორც ქვეყნის “პირველი კონკრეტული ნაბიჯი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანებისკენ“. თუმცა, 29 ოქტომბერს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას, სააკაშვილმა დასძინა, რომ საქართველო არ განათავსებს უცხოურ სამხედრო ბაზებს თავის ტერიტორიაზე.


სამოქმედო გეგმის დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობი რჩება, რადგანაც საქართველოს ხელისუფლებას არ გამოუქვეყნებია დოკუმენტი.


28 ივნისს ნატო-ს სამიტის დასასრულს მიღებულ ერთობლივ კომუნიკეში ნათქვამია, რომ კავკასია და ცენტრალური აზია ნატო-ს “განსაკუთრებული ინტერესის სფეროში“ იმყოფება. ამ ინტერესის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი ნატო-ს ორი სპეციალური წარმომადგენლობის გახსნას ითვალისწინებს ამ რეგიონებში.


რობერტ სიმონსი კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა. ამჟამად, რობერტ სიმონსს პოლიტიკურ საკითხებში და უსაფრთხოების პოლიტიკაში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობა უკავია.


გარდა ამისა, ნატოს თითო მეკავშირე ოფიცერი ეყოლება თითოეულ რეგიონში.


რობერტ სიმონსმა სექტემბერში განაცხადა, რომ ნატოს კავკასიის მეკავშირე ოფიცრის ოფისი თბილისში იქნება და იგი თავდაცვის სამინისტროსთან ითანამშრომლებს.

მსგავსი/Related

Back to top button