ახალი ამბები

ხაინდრავა შეშფოთებულია აფხაზეთში განვითარებული მოვლენებით

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავამ დაგმო აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში განვითარებული მოვლენები და განაცხადა, რომ ადგილი აქვს “აშკარა მცდელობას დაინიშნოს” სახელისუფლებო კანდიდატი რაულ ხაჯიმბა პრეზიდენტის პოსტზე.


29 ოქტომბერს დილით აფხაზეთის უზენაესმა სასამართლომ შეცვალა 28 ოქტომბრის მისივე გადაწყვეტილება და გააუქმა 3 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, რომლის მიხედვითაც ოპოზიციის კანდიდატი სერგეი ბაღაფში გამოცხადდა პრეზიდენტად. უზენაესმა სასამართლომ ასევე გასცა განკარგულება ორი თვის ვადაში განმეორებითი არჩევნების ჩატარების თაობაზე. თუმცა, მოგვიანებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ გიორგი აკაბამ განაცხადა, რომ იგი სახელისუფლებო კანდიდატის რაულ ხაჯიმბას მხარდამჭერებმა აიძულეს შეეცვალა გადაწყვეტილება.


გოგა ხაინდრავამ “რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ ორი თვის ვადაში მოახერხებს სახელმწიფო რესურსების მობილიზებას, რათა ხაჯიმბას გზა გაუკვალოს პრეზიდენტის პოსტისკენ.


მისი თქმით, საქართველო ვერ დარჩება გულგრილი თვითგამოცხადებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების მიმართ. “აფხაზეთის არჩევნები უკანონოა. საქართველოს მოსახლეობას, როგორც აფხაზებს, ისე ქართველებს უნდა ჰქონდეთ უფლება ღიად გამოხატონ თავიანთი პოლიტიკური პოზიცია“, განაცხადა ხაინდრავამ.


ბაღაფშის პრეზიდენტობის შემთხვევაში, გოგა ხაინდრავას თქმით, ერთადერთი პოზიტიური მომენტი იქნება ის, რომ ზეწოლა აღარ გაგრძელდება გალის რაიონის მაცხოვრებლებზე, რომელთა ხმებიც გადამწვეტი აღმოჩნდა არჩევნებში მისი წარმატებისთვის.


 

მსგავსი/Related

Back to top button