skip to content
ახალი ამბები

ფრისში დაკავებული ქართველი სამშვიდობოები კვლავ პატიმრობაში რჩებიან

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 23 სექტემბერს სოფელ ფრისში ოთხი ქართველი სამშვიდობოს დაკავებასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.


ოსური მხარის განცხადებით, დაკავების დროს ქართველ სამშვიდობოებს არ აღმოაჩნდათ სამშვიდობოების დამადასტურებელი საბუთები.


“ასევე მათ ვერ შეძლეს დაესაბუთებინათ, თუ რატომ იმყოფებოდნენ ღამის საათებში ფრისში“, ნათვამია დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ოსური მხარე ქართველებს ბოლო პერიოდში სამშვიდობოების კუთვნილი სიმბოლოკის არადანიშნულებისამებრ გამოყენებაში ადანაშაულებს.


“ეს ხდება რადგანაც დღემდე არ არის დადგენილი ქართველი სამშვიდობოების ზუსტი სია“, ნათქვამია განცხადებაში.


დე ფაქტო შს სამინისტროს ინფორმაციით, მომავალში მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად გაცემული იქნება სპეციალური დამადასტურებელი საბუთები.


დღის განმავლობაში გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი ჯარისკაცების დაკავება იმ მიზეზით მოხდა, რომ რუსი და ოსი სამშვიდობოები წინასწარ არ იყვნენ ინფორმირებული მათი გადაადგილების შესახებ.


ქართული სამშვიდობოების მეთაური ალეკო კიკნაძე იმედოვნებდა, რომ დაკავებულ ჯარისკაცებს დღეს გაანთავისუფლებდნენ.  



 

Back to top button