
სოხუმი და ცხინვალი სააკაშვილის წინადადებას არ იზიარებენ
სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ხელმძღვანელობა გაეროს გენერალური ასამბლეის 59-ე სესიაზე საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გაჟღერებულ ინიციატივას კონფლიქტების მოგვარების შესახებ არ იზიარებს.
რუსული საინფორმაციო სააგენტო “იტარ-ტასისთვის“ მიცემულ ინტერვიუში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა მურად ჯიოევმა განცხადა, “ეს კონფლიქტები არ ითვლება საქართველოს შიდა კონფლიქტებად”.
მისი თქმით სამხრეთ ოსეთის საქართველოს შემადგენლობაში შესვლის ნებისმიერი ფორმა მიუღებელია ცხინვალისთვის.
“სამხრეთ ოსეთიც და აფხაზეთიც ჯერ კიდევ დამოუკიდებლ სუბიექტებად საბჭოთა კავშირის დროს ჩამოყალიბდნენ, 90-იანი წლებიდან კი ცდილობენ საქართველოსთან დაამყაროს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა”, აცხადებს ჯიოევი.
მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას აფხაზებისთვის და ოსებისთვის ფართო ავტონომიის მინიჭების შესახებ არ ეთანხმება ასევე აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებაც.
“ეს გეგმა მიუღებელია, იმ მიზეზით, რომ აფხაზეთი დიდი ხანია ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ და მხოლოდ ამ სტატუსით შეძლებს საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარებას”, განუცხდა “იტარ-ტასს“ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა ანჟელა კუჩუბერიამ.
საქართველოს პრეზიდენტი ქვეყანაში კონფლიქტების მოგვარების ახალი ინიციატივით გაეროში 21 სექტემბერს გამოვიდა. მისი განცხადებით საჭიროა კონფლიქტში ჩართულ მხარეებს შორის ნდობის აღდგენა, კონფლიქტის ზონებში დემილიტარიზაცია, სამშვიდობო პროცესის ინტერნაციონალიზაცია და სეპარატისტული რეგიონებისთვის ფართო ავტონომიების მინიჭება.