
24 ოქტომბრის მაჟორიტარული არჩევნებისთვის კანდიდატთა რეგისტრაცია მიმდინარეობს
24 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატთა შუალედური არჩევნებისთვის, რომელიც 4 საარჩევნო ოლქში იმართება, კანდიდატთა წარდგენისა და რეგისტრაციის პროცესი მიმდინარეობს.
კრწანისის საარჩევნო ოლქში “ნაციონალურმა მოძრაობა-დემოკრატებმა” წარადგინეს ოლიმპიური ჩემპიონის გიორგი ასანიძის კანდიდატურა, რომელსაც პარტია “სახალხო ფრონტის” ლიდერი ნოდარ ნათაძე დაუპირისპირდება. თბილისის ყოფილმა მერმა ვანო ზოდელავამ, რომელიც კრწანისის საოლქო კომისიამ რეგისტაციაში გაატარა, 15 სექტემბერს მოხსნა საკუთარი კანდიდატურა.
დიდუბის ოლქში სახელისუფლებო პარტიის ფავორიტი დიდუბე-ჩუღურეთის ყოფილი გამგებელი თეიმურაზ ჭეიშვილი იქნება. მას დაუპირისპირდება კობა დავითაშვილის პოლიტიკური პარტნიონი ჯუმბერ თავართქილაძე, რომელიც ამჟამად სამთვიან წინასწარ პატიმრობას ციხეში იხდის.
გორის საარჩევნო ოლქში თითქმის უალტერნატივო კანდიდატია პარტია “ერთობის” ლიდერი ჯუმბერ პატიაშვილი, ხოლო ზესტაფონში ჯერ-ჯერობით ერთადერთ კანდიდატად რჩება ყოფილი გამგებელი, სახელისუფლებო პარტიის მიერ დასახელებული თეიმურაზ ცერცვაძე.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, კანდიდატთა წარდგენის ბოლო ვადა 23 სექტემბერს იწურება.