ახალი ამბები

პრეზიდენტ პუტინის კომენტარი საქართველოს შესახებ







პუტინი: ჩვენი პარტნიორები აღიარებენ ყოფილ
საბჭოთა კავშირში რუსეთის განსაკუთრებულ როლს.
ფოტო: რუსეტის პრეზიდენტის პრეს–სამსახური.
“სივილ ჯორჯია“ აქვეყნებს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებას, რომელიც მან ნოვო ოგარევოში უცხოელ ჟურნალისტებთან 6 სექტემბერს გამართულ შეხვედრაზე გააკეთა. როგორც ცნობილია, ეს შეხვედრა ბესლანის ტრაგედიის შემდეგ შედგა. ეს ჩანაწერი ბრიტანულ გაზეთ “გარდიანის“ საშუალებით გახდა ხელმისაწვდომი. ქვემოთ ჩანაწერის მხოლოდ ის ნაწილია მოცემული, რომელიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში არსებულ ვითარებას ეხება.

რუსეთის პრეზიდენტი, რომელიც აცხადებს, რომ “საქართველოს გაერთიანება ხელოვნურად მოხდა, ისევე როგორც სხვა წარმონაქმნებისა ყოფილ საბჭოთა კავშირში“, თბილისს სამხრეთ ოსეთში სიტუაციის დესტაბილიზაციაში ადანაშაულებს. მისი თქმით, მიუხედავად საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადი დაპირებისა პრობლემის მშვიდობიანი მოგვარების თაობაზე, საქართველომ ჯარები გააგზავნა რეგიონში, თუმცა იძულებული გახდა ისინი უკან გამოეყვანა “აშშ-ის მხრიდან გარკვეული ზეწოლის შემდეგ“.

ქვემოთ მოცემულია პუტინის კომენტარების ჩანაწერი:
“გარდიანის“ შენიშვნა: ჩანაწერის პასუხები ვლადიმერ პუტინის ოფიციალური თარჯიმნის ვერსიაზეა დაფუძნებული.    
 
ვლადიმერ პუტინი: „ახლა რაც შეეხება საქართველოს. როგორც თქვენ იცით, საქართველო რუსეთთან ძალიან ახლოსაა, როგორც ისტორიულად და რელიგიურად, ასევე ტარადიციებითაც.
 
საქართველო, რომელიც საკმაოდ დიდი რესპუბლიკაა, ხელოვნურად გაერთიანდა, როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა წარმონაქმნები. და უნდა ავღნიშნო, რომ ურთიერთობები ქართველ და ოს ხალხებს შორის საუკუნეების განმავლობაში საკმაოდ რთული იყო. ოსებს მიაჩნიათ, რომ მათ საქართველო ექსპლოატაციას უწევდა. მათ ასევე მიაჩნიათ, რომ ეროვნება ქართველი სპეციალურად შემოიღეს, როგორც ოსებისთვის, ასევე აფხაზებისთვის  –  საქმე ეხება პასპორტში ეთნიკურობის აღნიშვნას, როდესაც მათ უნდა მიეთითებინათ თავიანთი ეროვნება. იქ მათ ქართველებად მოიხსენიებდნენ.
 
ისინი [ოსები] უპირატესობას დამოუკიდებლობას ანიჭებდნენ. მათ გარკვეული დაბრკოლებები ექმნებოდათ თავიანთი შვილებისთვის მშობლიური ენის შესწავლის კუთხითაც. მათ სხვა ბევრი სხვა პრეტენზიაც დაუგროვდათ ათწლეულების მანძილზე. 
 
ჩვენი მიზანია თავიდან ავიცილოთ კონფლიქტი ჩვენი სამხრეთის საზღვრებზე. გვინდა საქართველო სტაბილური, მეგობრული და თავისუფალი იყოს. და მას შემდეგ, რაც მე პრეზიდენტი გავხდი, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ორი მხარე დაგვეახლოებინა, რაც ოსებსაც და აფხაზებსაც საქართველოს ფარგლებში თანაცხოვრების შესაძლებლობას მისცემდა.
 
შევარდნაძე ხშირად ეხმარებოდა ჩეჩენი მებრძოლებს და ისინი ჩეჩნეთის საზღვრიდან აფხაზეთის საზღვარზე გადაჰყავდა. ჩვენ ვეუბნებოდით: “რატომ აკეთებ ამას? სიტუაციის დაძაბვა გინდა? და ის პასუხობდა “არა“. 
 
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ახალმა პრეზიდენტმა რამდენჯერმე მითხრა რომ მას სურს ურთიერთობის დამყარება [სოხუმისა და ცხინვალის] ხელმძღვანელობასთან და ხალხთან და სურს მათი გაერთიართიანება ჰუმანიტარულ საკითხებში თანამშრომლობით დაიწყოს. ეს სწორი ნაბიჯი იქნება მისი მხრიდან. 
 
თუმცა, რა გაკეთდა სინამდვილეში? საზღვის ორივე მხარეს, როგორც სამხრეთ ოსეთში, ისე საქართველოში უსაფრთხოების კორდონი აღიმართა. მიღწეული შეთანხმების თანახმად, კონფლიქტის ზონაში თითოეული მხარიდან-საქართველოს, ჩრდილოეთ ოსეთისა და რუსეთის ფედერაციის ჩათვლით, 500 სამშვიდობო უნდა იყოს, ანუ საერთო ჯამში 1,500 ჯარისკაცი.
 
მაგრამ, ქართველებმა დამატებით სამი ათასი კაცით გაამაგრეს უსაფრთხოების ზონის თავიანთი ნაწილი და შემდეგ სამხრეთ ოსეთში შევიდნენ.
 
ამგვარად, ახლა მათ 3,500 ჯარისკაცი ჰყავთ. ოსები კი ყველაფერს ხედავდნენ და ესმოდათ საქმე ამით არ დასრულდებოდა. ახლა თუ ქართველებს სამი ათასი კაცი ჰყავთ, შემდეგ ოთხი ათასი ეყოლებათ, ხუთი და ბოლოს ყველა მათგანს [ოსი ეროვნების მოსახლეობას] გაიტაცებენ, დააკავებენ და მოკლავენ.  თუმცა, გარკვეული ზეწოლის შედეგად, არა ჩვენი მხრიდან, არამედ ამერიკის მხრიდან, ისინი იძულებულნი გახდნენ ჯარები გამოეყვანათ. 
 
ქართველებმა რამოდენიმე ქალაქი რომც აიღონ, ცხინვალის ჩათვლით,  პროცესი  საკმაოდ გრძელვადიანი და დამღლელი იქნება საქართველოსთვის.
 
მიმდინარე პროცესები, როგორც ცნობილია, 1990 წელს ოსეთის ავტონომიის გაუქმებას მოყვა. აღნიშვნას საჭიროებს ის ფაქტი, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერორიაზე არსებულ ყველა ცხელ წერტილში ჩვენი პარტნიორები აღიარებენ რუსეთის განსაკუთრებულ როლს…


…ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებმა თავად უნდა ისწავლონ საკუთარი პრობლემების  მოგვარება, კომპრომისის მოძებნა და შეთანხმება. რუსეთს, ისევე როგორც მთელ საერთაშორისო თანამეგობრობას, შეუძლია მხოლოდ შუამავლის როლი შეასრულოს, რათა უზრუნველყოს პრობლემის მოგვარება“.

მსგავსი/Related

Back to top button