ილია დარჩიაშვილი ლუქსემბურგში არაფორმალურ ღონისძიებას დაესწრო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 25 ივნისს ლუქსემბურგში, სადაც ერთი დღით ადრე ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა გაიმართა, არაფორმალურ ღონისძიებას დაესწრო.
არაფორმალურ შეხვედრას დიდი საჰერცოგოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ქსავიე ბეტელმა უმასპინძლა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ევროკავშირის წევრი, პარტნიორი და კანდიდატი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ილია დარჩიაშვილს შესაძლებლობა ჰქონდა გასაუბრებოდა კოლეგა მინისტრებს და მათთვის მიეწოდებინა ინფორმაცია საქართველოს ევროინტეგრაციის დღის წესრიგისა და რეკომენდაციების შესრულების დინამიკის შესახებ.
ღონისძიებაში მონაწილე საგარეო საქმეთა მინისტრებს, ასევე, ჰქონდათ აუდიენცია ლუქსემბურგის დიდ ჰერცოგ ანრისთან.
არაფორმალური შეხვედრის წინა დღეს, 24 ივნისს, ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო შეიკრიბა. საბჭოს სხდომის დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხი იყო ევროკავშირის გამოხმაურება საქართველოში არსებულ ვითარებაზე. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა მინისტრებს წარუდგინა დოკუმენტი, თუ როგორ შეუძლია ევროკავშირს უპასუხოს საქართველოს მიერ უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მიღებას და ზოგადად მის ბოლოდროინდელ ანტიდასავლურ კურსს. საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს მიაჩნიათ, რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყანას ევროკავშირს აშორებს. მან ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირი შეამცირებს პოლიტიკურ კონტაქტებს საქართველოს ხელისუფლებასთან.
ასევე წაიკითხეთ:
- 24/06/2024 – ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირის კარი საქართველოსთვის დაიხურება, თუ ხელისუფლება თავის კურსს გააგრძელებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)