skip to content
ახალი ამბები

ვენეციის კომისიის მოსაზრება გენდერული კვოტების გაუქმების შესახებ

ვენეციის კომისიამ 25 ივნისს გამოაქვეყნა მოსაზრება „საარჩევნო კოდექსში გენდერული კვოტების გაუქმების თაობაზე ცვლილებების შეტანის შესახებ“, სადაც ხაზგასმულია საქართველოს პოლიტიკურ სფეროში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის მექანიზმების საჭიროება და ნათქვამია, რომ საარჩევნო კოდექსში ასეთი ცვლილებები არჩევნებამდე ერთი წლით ადრე „სერიოზულ წუხილებს აჩენს საარჩევნო კანონმდებლობის სტაბილურობასთან დაკავშირებით“.

ვენეციის კომისია ხაზს უსვამს, რომ გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ სახელმწიფოს დადებით ვალდებულებადაა აღიარებული. როგორც ის აღნიშნავს, 2020 წელს ქალებისთვის გენდერული კვოტების შემოღება, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციურად ცნო, ვენეციის კომისიის წინა რეკომენდაციებს შეესაბამებოდა. კომისიის თქმით, კვოტები ისე გაუქმდა, რომ არ მომხდარა მათი ჩანაცვლება სხვა ზომებით, რომელიც ქალი კანდიდატების არჩევას შეუწყობდა ხელს.  

„მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ქვეყანას შეუძლია თავად გადაწყვიტოს, თუ როგორ გააუმჯობესოს გენდერული თანასწორობა დემოკრატიულ ინსტიტუტებში, მათ შორის პარლამენტში, დადასტურდა, რომ გენდერულ კვოტებს შეუძლია გავლენა მოახდინოს ქალთა საპარლამენტო წარმომადგენლობაზე და რომ ისინი არ ეწინააღმდეგება  თანაბარი ხმის უფლების პრინციპს, თუ მათ აქვთ კონსტიტუციური საფუძველი, როგორც საქართველოში. ამრიგად, ვენეციის კომისია რეკომენდაციას იძლევა, რომ მიღებულ იქნას სპეციალური დროებითი ზომები პარლამენტსა და ადგილობრივ საბჭოებში (საკრებულოებში) ქალთა წარმომადგენლობის გასაუმჯობესებლად, როგორიცაა გენდერული კვოტების ან სხვა აღიარებული მეთოდების ხელახალი შემოღება ქალი კანდიდატების არჩევის გასაადვილებლად, რათა მოხდეს არჩეული ქალების პროცენტული რაოდენობის არსებითი გაზრდა“, – აცხადებენ ვენეციის კომისიაში.

ვენეციის კომისია ასევე ხაზს უსვამს საარჩევნო რეფორმების შესახებ ყველა პარტიას შორის ფართო კონსენსუსისა და დიალოგის მნიშვნელობას, რაც პროცესისადმი ნდობას და საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებას უზრუნველყოფს. მოსაზრებაში აღნიშნულია, რომ საარჩევნო კოდექსსა და პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში შეტანილი ბოლო ცვლილებები სწრაფად იქნა მიღებული, საჯარო კონსულტაციების გარეშე და სხვადასხვა დაინტერესებული მხარის წუხილების უგულებელყოფით.

კომისია ვერ ხედავს გენდერული კვოტების გაუქმების გადაუდებელ აუცილებლობას და საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში ხშირ ცვლილებებს აკრიტიკებს, რამაც, მისი თქმით, შესაძლოა შეარყიოს საარჩევნო პროცესის მთლიანობა და დააბნიოს მონაწილეები. კომისია ყოვლისმომცველ, ინკლუზიურ რეფორმებს ითხოვს, არსებული რეკომენდაციების გათვალისწინებისა და საარჩევნო კანონმდებლობაში სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით.

„ამასთან, ცვლილებები პოლიტიკური პარტიების კანდიდატთა სიებში აქტუალურია არჩევნების შედეგისთვის და მათი მიღება 2024 წლის ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე სერიოზულ შეშფოთებას იწვევს საარჩევნო კანონმდებლობის სტაბილურობასთან დაკავშირებით“, – აღნიშნავს ვენეციის კომისია.

კომისია აღნიშნავს, რომ კვოტების გაუქმება საჯარო კონსულტაციების გარეშე მოხდა და ამის მიზეზად პარტიულ ავტონომიასა და მერიტოკრატიას ასახელებს. ეს ნაბიჯი ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის ფარგლებში საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებს. ვენეციის კომისია ხაზს უსვამს სპეციალური ზომების აუცილებლობას გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად და აღნიშნავს კვოტების როლს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდაში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button