skip to content
ახალი ამბები

ვენეციის კომისიის კრიტიკული მოსაზრება საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით

25 ივნისს ვენეციის კომისიამ საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებთან დაკავშირებით მოსაზრება გამოაქვეყნა, სადაც შეშფოთება გამოხატა იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მისი არცერთი რეკომენდაცია არ გაითვალისწინა და რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები არჩევნებამდე, დაახლოებით, ერთი წლით ადრე იქნა მიღებული, რაც ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას.

ვენეციის კომისიამ და ოდირმა შეშფოთება გამოხატეს ცვლილებების გარშემო ფართო კონსენსუსისა და საჯარო კონსულტაციების არარსებობის გამო. მიუხედავად ამ შეშფოთებისა, ცვლილებები არსებული ფორმით იქნა მიღებული მას შემდეგ, რაც პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და არ გაითვალისწინა სხვადასხვა დაინტერესებული მხარის მიერ წამოჭრილი საკითხები. შესაბამისად, კომისია ვერ დაასკვნის, რომ ცვლილებები მიღებულ იქნა ფართო კონსენსუსისა და ინკლუზიური პროცესის გზით.

ვენეციის კომისიის თქმით, მისი თავდაპირველი შეფასება ძალაში რჩება, რადგან ცვლილებების პროექტი უცვლელად მიიღეს. ის იმეორებს თავის რეკომენდაციებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან (ცესკო) დაკავშირებით და ხაზს უსვამს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი საარჩევნო კომისიების არსებობის აუცილებლობას, რათა უზრუნველყოფილი იყოს არჩევნების სათანადო ჩატარება და გაქარწყლდეს ეჭვები დარღვევების შესახებ.

კომისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საჭიროა ცესკოს უპარტიო წევრები და თავმჯდომარე კონსენსუსის საფუძველზე დაინიშნონ. ის არსებულ ანტიჩიხურ მექანიზმს აკრიტიკებს, რომელიც უბრალო უმრავლესობით დანიშვნის საშუალებას იძლება, ვინაიდან არსებობს საფრთხე, რომ ცესკოს შემადგენლობაში უმრავლესობას მმართველი პარტია მოიპოვებს, რაც ცესკოს დამოუკიდებლობასა და მის მიმართ საზოგადოების ნდობას ძირს უთხრის.

აღიარებს რა 2021 წლის ივნისის შეთანხმებების წარუმატებლობას, კომისია ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა შესაბამისი გამოსავლის პოვნა, რათა პოლიტიკურ აქტორებს შორის კონსენსუსი იქნას მიღწეული.

ვენეციის კომისიის თავდაპირველ მოსაზრებაში მითითებული იყო, რომ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში შემდგომი ცვლილებებია საჭირო, რადგან ბევრი რეკომენდაცია გაუთვალისწინებელი რჩება. ეს საკითხები ეხება საარჩევნო ოლქების დაყოფას, კანდიდატების შემზღუდველ მოთხოვნებს, საარჩევნო კომისიის ფორმირებას, კამპანიის დროს თანამდებობების ბოროტად გამოყენებას, შემოწირულობის მაღალ ზღვარს, კამპანიის დაფინანსების რეგულირებას, მედია კამპანიის რეგულაციებს, საარჩევნო დავის გადაწყვეტას, ხმების ხელახლა გადათვლას, ანულირებას და ამომრჩეველთა დაშინების პრევენციას.

ვენეციის კომისიის თქმით, შემაშფოთებელია, რომ ეს რეკომენდაციები არ იქნა გათვალისწინებული, განსაკუთრებით 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მოახლოების გამო, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნები კვლავ ხარვეზიანი კანონმდებლობით გაიმართება.

ვენეციის კომისია ასევე ხაზს უსვამს, რომ საარჩევნო კანონმდებლობის სტაბილურობა გადამწყვეტია სამართლებრივი უტყუარობისთვის და პოლიტიკური მანიპულაციის თავიდან ასაცილებლად. საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში ხშირი ცვლილებები ძირს უთხრის საარჩევნო პროცესის მთლიანობას, იწვევს დაბნეულობას ამომრჩევლებში, პარტიებში, კანდიდატებსა და საარჩევნო ხელისუფლებაში, რაც პოტენციურად გამოიწვევს შეცდომებს და უნდობლობას არჩეული ორგანოების მიმართ.

კომისია ხაზს უსვამს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის ყოვლისმომცველი და სისტემური რეფორმის აუცილებლობას, არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე და ინკლუზიური კონსულტაციების გზით. საარჩევნო საკითხებში კარგი პრაქტიკის კოდექსი რეკომენდაციას იძლევა, რომ არ შეიცვალოს ფუნდამენტური საარჩევნო ელემენტები მაშინ, როცა  არჩევნებამდე მხოლოდ ერთი წელია დარჩენილი, რათა თავიდან იქნას აცილებული მანიპულირება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button