იოზვიაკი: ევროკავშირის მოსალოდნელი ზომები საქართველოს უკუსვლის საპასუხოდ
საქართველოს მიერ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის მიღებისა და მასთან დაკავშირებული მოვლენების საპასუხოდ ევროკავშირი ზომების მიღებას გეგმავს. თავის ბოლო ყოველკვირეულ ბიულეტენში, „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი განმარტავს, თუ რა ზომებია მოსალოდნელი ევროკავშირის მხრიდან საქართველოს უკუსვლის საპასუხოდ.
ანალიზი ეფუძნება დოკუმენტს, რომელსაც „რადიო თავისუფლება“ გაეცნო და რომელიც ევროპის საგარეო ქმედება სამსახურმა მოამზადა. დოკუმენტი განიხილავს, თუ როგორ შეიძლება ევროკავშირმა საქართველოს მიმართ პოლიტიკა შეცვალოს. ის აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ „ბოლო თვეებში სხვა შემაშფოთებელი ნაბიჯებიც გადადგა“ და მაგალითად მოჰყავს სადავო კანონები „უცხოელი აგენტების“ შესახებ, ე.წ. ანტილგბტ პროპაგანდის შესახებ, ასევე ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, და „ნაბიჯები, რამაც საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობაზე იმოქმედა“.
რიკარდ იოზვიაკის თქმით, დოკუმენტი ასახავს პოტენციური მოქმედების სამ დონეს, რომელთაგან მოკლევადიანი ღონისძიებები ყველაზე ადვილი შესათანხმებელია და, შესაბამისად, სწორედ ისინი განხორციელდება.
მოკლევადიანი ზომები არ საჭიროებს ერთსულოვნებას
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მოკლევადიანი ზომები შეიძლება დაუყოვნებლივ იქნას მიღებული, ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს ერთსულოვნების აუცილებლობის გარეშე, და ისინი შეიძლება მოიხსნას „როგორც კი [უცხოელი აგენტების შესახებ] კანონი გაუქმდება, იმ პირობით, რომ ევროკავშირის წუხილები დემოკრატიული უკუსვლის შესახებ მოგვარდება… და გაკეთდება მკაფიო საჯარო გზავნილები“.
„დოკუმენტის თანახმად, ეს მოკლევადიანი ზომები მოიცავს საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობის შემცირებასა და ქვეყნისთვის ევროკავშირის დაფინანსების შეჩერებას. ეს შესაძლოა იმას ნიშნავდეს, რომ შეჩერდება მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტები, ასევე მიმდინარე მოლაპარაკებები, მაგალითად, ბლოკსა და საქართველოს შორის როუმინგის ტარიფების შემცირებაზე“, – წერს ავტორი. იგი დასძენს, რომ ევროკავშირის სახსრები შესაძლოა ხელისუფლებისგან სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელი მედიისკენ გადამისამართდეს. კიდევ ერთი ვარიანტი 30 მილიონი ევროს ღირებულების არალეტალური სამხედრო დახმარების პაკეტის მიღების გაყინვას გულისხმობს.
არცერთი ეს ღონისძიება არ მოითხოვს წევრი ქვეყნების ერთსულოვნებას და შეიძლება „სწრაფად“ იქნას მიღებული ევროკომისიის მიერ, წერს იოზვიაკი.
ბიულეტენის თანახმად, 24 ივნისს ლუქსემბურგში გამართულ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე, სახელმწიფოთა უმეტესობამ სწრაფი მოქმედების სურვილი გამოთქვა, განსაკუთრებით ესტონეთმა და ლიეტუვამ, ხოლო სხვებმა, მათ შორის უნგრეთმა და სლოვაკეთმა, „პროცესის უფრო ნელა გაგრძელება ამჯობინეს“. ეს საკითხი კვლავ განიხილება ევროკავშირის სამიტზე ბრიუსელში 27-28 ივნისს.
მეორე ეტაპის ზომები „შემდგომი გაუარესების შემთხვევაში“ მიიღება
იოზვიაკის თქმით, მეორე ეტაპის ზომები „შემდგომი გაუარესების შემთხვევაში“ მიიღება, როგორიცაა მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობის გამოყენება და დაშინება, ან მნიშვნელოვანი დარღვევები საარჩევნო პროცესში. „ასეთ ვითარებაში, რეკომენდირებული იქნება, რომ წევრმა ქვეყნებმა დააწესონ დროებითი შენგენის ვიზის მოთხოვნა საქართველოს დიპლომატიური პასპორტის ყველა მფლობელისთვის“. იოზვიაკის თქმით, დოკუმენტში ნათქვამია, რომ „ამ ზომას შეიძლება სიმბოლური დატვირთვა ჰქონდეს, რათა სახელმწიფო მოხელეების/დიპლომატების პრივილეგიები შეიზღუდოს, ხოლო ფართო საზოგადოებაზე არ იმოქმედებს“.
ვიზების აკრძალვა და აქტივების გაყინვა ასევე შეიძლება შეეხოს ევროკავშირის ადამიანის უფლებათა გლობალური რეჟიმის ქვეშ მყოფ პირებსა და სუბიექტებს. ევროკავშირმა ეს ინსტრუმენტები იმ ადამიანების მიმართ გამოიყენა, რომლებიც, ჩათვალა, რომ პასუხისმგებელნი იყვნენ რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის დაპატიმრებასა და გარდაცვალებაზე.
თუმცა, ამ ზომებთან დაკავშირებით რამდენიმე პრობლემაა: პირველი, ისინი ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოს ერთსულოვნებას მოითხოვს და „კონსენსუსი ხშირად ძნელი მისაღწევია“. მეორე, ის ასევე ხაზს უსვამს, რომ ყოველთვის ადვილი არ არის კონკრეტული მტკიცებულებების პოვნა, რომელიც ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევას თანამდებობის პირების ქმედებებთან დააკავშირებს.
აღსანიშნავია, რომ მეორე ეტაპის ზომების სამიზნე არა საქართველოს მაღალჩინოსნები, არამედ უფრო დაბალი დონის მოსამართლეები და პოლიციის უფროსები იქნებიან.
მესამე ეტაპის ზომები „ყველაზე მძიმე“, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებისთვის წარდგენილი დოკუმენტის თანახმად, მესამე, „ყველაზე მძიმე“ ტიპის ზომები „სიტუაციის მნიშვნელოვანი გაუარესების შემთხვევაში“ მიიღება და იქნება „გაფართოების გზასთან დაკავშირებული ნაბიჯები“.
მაშინ როცა უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირთან გაწევრიანების ოფიციალური მოლაპარაკებები 25 ივნისს დაიწყეს, საქართველო ჯერჯერობით წინ ვერ წავა. თეორიულად, მას შეუძლია კანდიდატის სტატუსიც დაკარგოს, მაგრამ ეს აქამდე არასდროს მომხდარა და ამისთვის ყველა წევრი სახელმწიფოს მხარდაჭერაა საჭირო, ამბობს იოზვიაკი.
იოზვიაკი აცხადებს, რომ ყველაზე სერიოზული ნაბიჯი იქნება ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის შეჩერება და ხაზს უსვამს, რომ თუ ეს მოხდება, ეს იქნება შემოდგომაზე, როდესაც ევროკომისია ვიზების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს. მისივე თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების კვალიფიციური უმრავლესობა საკმარისი იქნება პირველი ცხრათვიანი შეჩერებისთვის. თუმცა, ასეთი შეჩერება ნაკლებად სავარაუდოა და განიხილება, როგორც საკმაოდ მოუქნელი ინსტრუმენტი, რომელიც მხოლოდ ერთხელ იქნა გამოყენებული ევროკავშირის ისტორიაში: წყნარი ოკეანის კუნძულოვანი სახელმწიფოს ვანუატუს წინააღმდეგ.
მართალია ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტი აღიარებს, რომ ეს ღონისძიება შეიძლება იყოს ძლიერი ბერკეტი, რათა საქართველომ კანონის საკითხს გადახედოს, მასში ნათქვამია, რომ ის უარყოფითად აისახება საქართველოს მოსახლეობაზე. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ყურადღება უნდა გამახვილდეს ცალკეული პირებისთვის შესვლის აკრძალვის საკითხზე, ხოლო წევრმა სახელმწიფოებმა უნდა აიღონ ვალდებულება, რომ სავიზო პრივილეგიებს არ მიანიჭებენ სამსახურებრივი ან დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებს.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)