ახალი ამბები

მოსკოვი საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტებად სატრანსპორტო სანქციებს იყენებს








კომპანია აირზენას ფოტო

15 სექტემბრიდან ამოქმედდა შეზღუდვები, რომელიც რუსეთმა საქართველოს სამარშრუტო ავტობუსების მიმოსვლის სფეროში დაუწესა. თუმცა, ბესლანში მომხდარი ტერაქტის შემდეგ რუსეთის მიერ საზღვრების ჩაკეტვის გამო საავტომობილო მიმოსვლა ორ ქვეყანას შორის უკვე სექტემბრის დასაწყისიდან ისედაც შეჩერებული იყო. გარდა ამისა, 1 ოქტომბრიდან რუსეთი საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტითაც იმუქრება.


მოსკოვი ამ ნაბიჯებს წმინდა ეკონომიკური მიზეზებით ხსნის, თუმცა ოფიციალურ თბილისს ეჭვი არ ეპარება, რომ ეს სანქციები საქართველოს მიმართ მოსკოვის მხრიდან ბოლო დროს გაძლიერებული პოლიტიკური ზეწოლის ნაწილია.


სექტემბრის დასაწყისში რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ დსთ-ს წევრ ქვეყნებს გაუგზავნა წერილი, სადაც ნათქვამია, რომ იმ შემთხვევაში თუ ის კომპანიები, რომლებსაც რუსეთის საჰაერო ნავიგაციის დავალიანება გააჩნიათ, არ დაფარავენ ვალს, აეკრძალებათ რუსეთის მიმართულებით რეისების განხორციელება. საქართველოსთან მიმართებაში ეს სანქციები 1 ოქტომბრიდან შედის ძალაში.


რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ქართულ ავიაკომპანიებს რუსეთის საჰაერო ნავიგაციის მიმართ დავალიანება 3,6 მლნ დოლარს შეადგენს. ეს დავალიანება 1994 წლიდან დაგროვდა. თუმცა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ის ავიაკომპანიები, რომელთაც რუსეთის ვალი ჰქონდათ, აღარ არსებობენ.


“ხოლო ორ ქვეყანას შორის დადებული ხელშეკრულება საჰაერო მიმოსვლის შესახებ სანქციების ამოქმედებას არ ითვალისწინებს“, აცხადებს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტის ხელძღვანელი თემურ მჟავანაძე.


ამჟამად, საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო რეისებს ოთხი ქართული ავიაკომპანია ახორციელებს: “აირზენა“, “კავკასიის ავიახაზები“, “ნაციონალური ავიახაზები“ და “თბილავიამშენი“. ქართული მხარის მტკიცებით, არც ერთ ამ კომპანიას რუსეთის დავალიანება არ გააჩნია.


„[რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს] წერილში არ არის მითითებული, თუ უშუალოდ რომელ ავიაკომპანიებს ერიცხება დავალიანება, იმ დროისთვის [1994 წელი] რუსეთის მიმართულებით კი ფრენებს 11 ავიაკომპანია ახორციელბდა, რომელთა უმეტესობა დღეს აღარ არსებობს“, განუცხადა “სივილ ჯორჯიას“ სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ქეთი ბასილაშვილმა.


შექმნილ ვითარებაში გარკვევის მიზნით სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თავის რუს კოლეგას უკვე გაუგზავნა წერილი, სადაც არსებული ვალის შესახებ ახსნა-განმარტებას და ვალის გადამხდელის ადრესატის გარკვევას ითხოვს.


რაც შეეხება ორ ქვეყანას შორის საავტომობილო ტრანსპორტზე შეზღუდვებს, რომელიც ძალაში უკვე 15 სექტემბრიდან შევიდა, რუსეთი ამ ფაქტს ასე ხსნის:


“იმის გამო, რომ რუსულ-ქართულ საავტომობილო გადამზიდავებს შორის პარიტეტი საქართველოს სასარგებლოდ არის დარღვეული, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, ცალკეულ საავტომობილო მარშრუტებზე ნებართვების გაუქმების თაობაზე”, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 14 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში.


ამჟამად რუსეთის მიმართულებით ავტობუსის რეისებს შვიდი კერძო კომპანია ახორციელებს თბილისიდან, ქუთაისიდან და რუსთავიდან მოსკოვის მიმართულებით და თბილისიდან სანკტ–პეტერბურგის მიმართულებით.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით 2004 წლის პირველ ნახევარში რუსულმა კომპანიებმა მოსკოვი–თბილისის მიმართულებით მხოლოდ ერთი რეისი განახორციელეს, მაშინ როდესაც ქართულმა კომპანიებმა 277-ჯერ შეასრულეს რეისები.


აღსანიშნავია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საჰაერო მიმოსვლაზე შეძღუდვების დაწესებასაც ეკონომიკური მიზეზებით ხსნის და აცხადებს, რომ „საუბარია არა საჰაერო სივრცის დაკეტვაზე, არამედ ვალის დაფარვაზე [3,6 მილიონი დოლარი], რაც მოლაპარაკებათა მაგიდაზე უნდა მოგვარდეს.”


თუმცა, როგორც საქართველოს პარლამენტის ვიცე–სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი აცხადებს, რუსეთის მხრიდან საზღვრების ჩაკეტვა და სატრანსპორტო-საჰაერო მიმოსვლების შეჩერება სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური ზეწოლის მიზნით ეკონომიკური ბლოკადის გამოცხადება.
 
პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისგან 16 სექტემბერს ყაზახეთში დსთ-ს სამიტზე აღნიშნული საკითხების დაყენებას მოითხოვს საპარლამენტო ფრაქცია “ახალი მემერჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი ფიქრია ჩიხარძე, რომლის თქმითაც, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთთან ურთიერთობები არ მოგვარდება დღის წესრიგში უნდა დადგეს საქართველოს დსთ-დან გამოსვლის საკითხი.

მსგავსი/Related

Back to top button