ახალი ამბები

ექსპერტები რუსულ-ქართული ურთიერთობების დათბობას არ მოელიან







ურთიერთობების დარეგულირების იმედები,
რომლებიც სააკაშვილსა და პუტინს შორის
თებერვალში გამართული გულთბილი შეხვედრის
შემდეგ წარმოიშვა, თანდათან ქრება.
საქართველოსა და რუსეთის მაღალი რანგის თანამდებობის პირთა განცხადებით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ნორმალიზებისგან ჯერ კიდევ შორს არის. ამ მხრივ მოკლევადიან პერსპექტივაში არც ქართველი პოლიტიკური მიმომხილველების პროგნოზებია ოპტიმისტური.
 
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გელა ბეჟუაშვილმა 8 სექტემბერს განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში აგვისტოში განვითარებულმა მოვლენებმა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა ორივე მხრიდან, “გაურკვევლობის უფსკრული გააჩინა რუსეთსა და საქართველოს ურთიერთობებში”, ხოლო რუსულ საზოგადოებაში “ანტი-ქართული განწყობა” წარმოშვა.
 
9 სექტემბერს რუსულ გაზეთ “ვრემია ნოვოსტეი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საქართველოსთან ურთიერთობების გაუარესებაზე ისაუბრა და თბილისი თანამშრომლობის შეფერხებაში დაადანაშაულა. მან სინანული გამოთქვა იმის თაობაზე, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ისეთი მჭიდრო არ არის, როგორც ეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და მის ქართველ კოლეგას მიხეილ სააკაშვილის შეხვედრის დროს  იქნა შეთანხმებული. შეხვედრა მოსკოვში თებერვალში გაიმართა.
 
“სამწუხაროდ, თებერვალში მიღწეული შეთანხმებების პრაქტიკულ ამოქმედებას ქართული მხარე აბრკოლებს. იმედი მაქვს, საქართველოს ხელისუფლება მიხვდება, რომ ცალმხრივი ძალისმიერი ნაბიჯების გადადგმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის პრობლემების მოსაგვარებლად უპერსპექტივოა. ვფიქრობ, თბილისმა რუსეთში არ უნდა ეძებოს გარეშე მტერი”, დასძინა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
 
ქართველ ანალიტიკოსთა განცხადებით, ჯერ-ჯერობით არ არსებობს იმის ნიშნები, რომ ორ მეზობელ ქვეყანას შორის ურთიერთობები უახლოეს მომავალში გამოსწორდება. ექსპერტების განცხადებით,  რუსეთი კვლავ გააგრძელებს “თავისი იმპერიალისტური პოლიტიკის“ განხორციელებას კავკასიის რეგიონში, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ ბესლანში მძევალთა აყვანის ტერორიოსტული აქტის შედეგად 350-მდე ადამიანი დაიღუპა.
 
სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევის ცენტრის ხელმძღვანელის ალექსანდრე რონდელის განცხადებით, რუსეთი კვლავ გააგრძელებს უკვე “ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ქოლგის ქვეშ თავისი ბნელი საქმეების კეთებას და კავკასიაში საკუთარი იმპერიალისტურ პოლიტიკის გატარებას”.
 
„რუსეთი დაბნეული და ძალიან გაბრაზებულია ბესლანის ტრაგედიის შემდეგ. ახლა, იგი შემდგომ ნაბიჯებს გეგმავს, თუმცა მე კავკასიის  მიმართ რაიმე რადიკალურ ცვლილებებს მის პოლიტიკაში არ ველოდები. მხოლოდ ტაქტიკა შეიცვლება. რუსეთი, რომ უფრო დემოკრატიული და ნორმალური სახელმწიფო იყოს, მაშინ უფრო ლოგიკური იქნებოდა, რომ მათ გადაესინჯათ თავიანთი პოლიტიკა კავკასიაში“, განუცხადა ალექსანდრე რონდელმა “სივილ ჯორჯიას“.
 
„ვფიქრობ, რუსეთი განაგრძობს თავის აგრესიულ პოლიტიკას კავკასიაში და ზოგ შემთხვევაში იგი კიდევ უფრო აგრესიულიც გახდება. ეს საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსთვის, სადაც ორ სეპარატისტულ რეგიონს – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, მოსკოვი უმაგრებს ზურგს“, განაცხადა რონდელმა.
 
თუმცა, დასძინა, რომ მეორეს მხრივ, ბესლანის ტრაგედიის შემდეგ კავკასიის რეგიონი მსოფიოს ყურადღების ცენტრში მოექცა.
 
“საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება კავკასიის რეგიონის მიმართ ჩვენთვის [საქართველოსთვის] ხელსაყრელია. ეს კიდევ უფრო დასაბუთებულს ხდის საქართველოს მიმართვებს საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ეუთოს მიმართ, რათა კონფლიქტის მოგვარების საქმეში მათ აქტიური მონაწილეობა მიიღონ. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს ფაქტორი და დავაბალანსოთ რუსეთის პოლიტიკის უარყოფითი ასპექტები“, დასძინა მან.
 
საგარეო საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის წევრი, დეპუტატი ზურაბ დავითაშვილი, რომელიც ასევე ხელმძღვანელობს თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების კათედრას, მიიჩნევს, რომ რუსეთის კავკასიურ პოლიტიკაში რაიმე ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.
 
“ვფიქრობ, დასავლეთის ზეწოლა რჩება ერთადერთ გზად, რამაც შესაძლოა აიძულოს რუსეთი შეცვალოს თავისი პოლიტიკა სეპარატისტული რეჟიმების მიმართ კავკასიაში“, განუცხადა ზურაბ დავითაშვილმა ”სივილ ჯორჯიას“.
 
ქართველ პოლიტიკურ მიმომხილველთა აზრით, რუსეთის ბოლოდროინდელი ნაბიჯები საქართველოს მიმართ ცხადყოფს, რომ კრემლი კვლავაც აპირებს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებზე კონტროლის შენარჩუნებას. ალექსანდრე რონდელის თქმით, ამ შემთხვევაში სამშვიდობო პროცესის გაგრძელება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტების მოსაგვარებლად შეუძლებელი იქნება.
 
“თუ მოსკოვი განაგრძობს სეპარატისტული რეჟიმების მხარდაჭერას და თუ დავინახავთ, რომ კრემლი არ აპირებს თავისი პოლიტიკის შეცვლას, ე.წ პოლიტიკური პროცესების გაგრძელება ამ რეგიონებში პრაქტიკულად შეუძლებელი გახდება“, აცხადებს რონდელი “სივილ ჯორჯიასთან” საუბარში. 
 

მსგავსი/Related

Back to top button