ახალი ამბები

“დიდი” პრივატიზაცია სტარტს იღებს







ბენდუქიძე: ვინც მეტს გადაიხდის
ის გახდება მფლობელი.
ეკონომიკის მინისტრმა კახა ბენდუქიძემ 15 ივლისს იმ საწარმოთა სიის პრეზენტაცია გამართა, რომელთა პრივატიზება 2004-2006 წლებში უნდა განხორციელდეს.

“თბილავიამშენი“, “რუსთავის მეტალურგიული კომბინატი“, “ჭიათურმანგანუმი“, “აზოტი“, “საქართველოს ელექტროკავშირი“, თბილისის, ბათუმისა და ფოთის აეროპორტები და ცალკეული მცირე ენერგოობიექტები – ეს ნაწილია იმ ობიექტებისა, რომელთა პრივატიზება პირველი ეტაპისთვის მოხდება. სულ ნუსხაში 372 ობიექტია შეტანილი.

ეკონომიკის მინისტრის კახა ბენდუქიძის განმარტებით, ცალკეული ობიექტების პრივატიზება საჯაროდ,  აუქციონის წესით მოხდება. პირველ აუქციონზე, რომელიც მომავალ კვირას იგეგმება, აჭარაში არსებული დასასვენებელი ობიექტები გაიყიდება. ინვესტორებს, რომლებიც ამა თუ იმ სასტუმროში ყველაზე მეტ თანხას გადაიხდიან, 45 დღის ვადა მიეცემაც, რათა კონკრეტული ბიზნეს- გეგმები წარუდგინონ მთავრობას.

“უსასაყიდლოდ არაფერი არ გასხვისდება, ყველა ობიექტს თავისი საწყისი ფასი აქვს, ვინც მეტს გადაიხდის ის გახდება მფლობელიც“, აცხადებს ეკონომიკის მინისტრი.
  
ამჟამად, ეკონომიკის სამინისტროში ცალკეული საპრივატიზაციო ობიექტების საწყისი ფასის განსაზღვრით არიან დაკავებულები. მინისტრის კახა ბენდუქიძის განცხადებით, ჩატარდება ცალკეული ობიექტების ფინანსური მდგომარეობის ანალიზი და შედეგად, დადგინდება გასაყიდი  ფასები.

“შესაძლოა საპრივატიზაციო ობიქტების ფასი რეალურთან შედარებით ცოტა დაბალი იყოს უფრო მეტი ინვესტორის მოზიდვისა და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნის მიზნით. მთავარია, ინვესტორი დავარწმუნოთ, რომ აქ ფულის დაბანდებით მომავალში დიდ მოგებას ნახავს”, დასძინა კახა ბენდუქიძემ.


მისი თქმით, ყველა პოტენციური მყიდველისთვის თანაბარი საპრივატიზაციო პირობები იარსებებს. შეღავათები არ დაუწესდებათ არც ქართველ ბიზნესმენებს, რომელთათვისაც კახა ბენდუქიძის მოსაზრებით, უკვე დიდი უპირატესობაა ის, რომ პირველნი შეიტყობენ ინფორმაციას პრივატიზაციის შესახებ.


“სახელმწიფო ეროვნულ ზარაფხანას არ უნდა ყიდდეს, პირიქით დაინტერესებული უნდა იყოს მისი შენარჩუნებით. ჩვენ ინვესტორის შემოსვლის წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ გასაკვირია ის, რომ პრივატიზების ნუსხაში ეროვნული ზარაფხანის შეტანის შესახებ არაფერი ვიცოდით, რაც დაუშვებელად მიმაჩნია; აღშფოთებას ვერ მალავს ვერც საწარმოს 200-მდე თანამშრომელი”, განაცხადა ეროვნული ზარაფხანის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ “სივილ ჯორჯიასთან” საუბარში.


ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, უკვე დიდი დაინტერესებაა ისეთ ობიექტებზე, როგორიცაა ელექტროკავშირი, მცირე ჰესები,  ჭიათურმანგანუმი, აზოტი და მეტალურგიული ქარხნები, ასევე თბილავიამშენი. აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი 10 წლით მართვის უფლებით უკვე გადაცემულია, რაც მის პრივატიზებას დაბრკოლებებს უქმნის.


ეკონომიკის მინისტრის დავალებით, რომლისთვისაც მიუღებელია ობიექტების მართვის უფლებით გადაცემის მეთოდი, სპეციალური ჯგუფი უკვე აწარმოებს მოლაპარაკებას “თბილავიამშენის“ ხელმძღვანელობასთან, რათა მოხდეს იურიდიულად საფუძვლის გამართვა და შემდეგ მისი პრივატიზება.


“არც ერთი საწარმო სახელმწიფოს საფიქრალი არ უნდა იყოს, სახელმწიფომ მხოლოდ ხელსაყრელ საგადასახადო პირობებზე უნდა იზრუნოს. ჩვენ ვეძებთ პარტნიორს, რომელიც მთელი დატვირთვით აამუშავებს ქვეყნისთვის ისეთ მნიშვნელოვან საწარმოს, როგორიც თბილავაიმშენია. საწარმოს საპრივატიზაციო ნუსხაში შეყვანა კი მხოლოდ მისასალმებელია“ განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან“ საუბრისას “თბილავიამშენის“ გენერალურმა დირექტორმა პანტიკო თორდიამ.

იურიდიული და ფინანსური პრობლემები არსებობს  მეტალურგიულ კომბინანტში, რომლის შესყიდვით უკვე დაინტერესდნენ ინგლისური და რუსული კონპანიები.


‘’ქარხანა, რომ ამუშავდეს სულ ცოტა 30-40 მლნ დოლარია საჭირო; ცალკე თემაა ვალები 126 მლნ დოლარის ოდენობით, რაც საწარმოს დაუგროვდა. ინვესტორს უნდა ჰქონდეს საკმარისი გამოცდილება და ფინანსები, რათა დიდი პოტენციალის მქონე ეს ქარხანა აამუშაოს და შემდგომ უკვე მოგებაზეც იფიქროს“, აცხადებს კახა ბენდუქიძე.


საქმე შედარებით მარტივადაა სს “აზოტში“, რომლის აქციათა 90%-ის ფლობელი რუსული ენერგეტიკული კომანია “იტერაა.“ მინისტრის განცხადებით, ამ დღეებში დაიწყება მოლაპარაკება “იტერას“ ხელმძღვანელთან ვალერი ოტჩერცოვთან დაგროვილი ვალების ურთიერთჩათვლის შესახებ.


კერძოდ, საქართველოს მთავრობას დავალიანება აქვს “იტერას“ მიმართ, რომელიც წლების განმავლობაში ბუნებრივი აირის ერთადერთი მომწოდებლი კომპანია იყო 2003 წელს “გაზპრომის“ საქართველოს ბაზარზე შემოსვლამდე. მოწოდებული გაზის ვალის ოდენობა 103 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო თავის მხრივ დავალიანება გააჩნია სახელმწიოფოს მიმართ სს“აზოტს“  – 22 მლნ დოლარი.


“მოლაპარაკებების შედეგად უნდა მოხდეს ვალების ჩამოჭრა, მაგრამ ამავე დროს “იტერამ“ უნდა გადაიხადოს ნაღდი ფული ბიუჯეტში. თუ არ გადაიხდის, მაშინ ვერ შეძლებს “აზოტის“  საკუთრებაში დატოვებას და ჩვენ საწარმოს სხვა პატრონს გამოვუძებნით“, განაცხადა მინისტრმა.


პირველი ეტაპისათვის განსახორციელებელ საპრივატიზაციო ნუსხაში ვერ მოხვდა ბათუმის და ფოთის პორტები, ასევე “საქართველოს რკინიგზა“.


ბათუმის პორტთან დაკავშირებით ბევრი გაურკვევლი საკითხი არსებობს, რომელშიც გარკვევასაც ამჟამად ცდილობენ ქართველი ეკონომისტები. მინისტრი კახა ბენდუქიძე არ გამორიცხავს, რომ ბათუმის პორტის პრივატიზება მის შემადგენელ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასთან ერთად განხორციელედეს. “თუმცა ეს მსჯელობის საგანს წარმოადგენს“, აცხადებს მინისტრი და დასძენს, რომ საკითხი დაახლოებით ორ თვეში მოგვარება. იგივე მდგომარეობაა ფოთის პორტთან მიმართებაშიც.


საქართველოს რკინიგზით დაინტერესებულია  საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია, რომლის დელეგაცია უახლოეს პერიოდში ჩამოვა საქართველოში და მოლაპარაკებებს გამართავს ეკონომიკის მინისტრთან. კახა ბენდუქიძისთვის მიუღებელია ის, რომ რკინიგზა სახელმწიფოს დაქვემდებარებაშია.


არადა, კანონით “სახელმწიფო ქონების პრივატიზების” შესახებ პირდაპირ იკრძალება წიაღისეულის, წყლის რესურსების,  საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნავსადგურების ნავმისადგომების, ჰიდროტექნიკური ნაგებობების, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რკინიგზის, გაზის მაგისტრალური მილსადენის, საავტომობილო გზების, თვითმფრინავების ასაფრენ-დასაფრენი ზოლების; სიხშირეთა სპექტრის, სახელმწიფო საფოსტო კავშირის, რადიო-სატელევიზიო მაუწყებლობის, სატელეფონო კავშირის და ა.შ ობიექტების პრივატიზება.


შესაბამისად მთავრობას ცალკეული ობიექტების გაყიდვისთვის, რომელიც გამოქვეყნებულ საპრივატიზაციო ნუსხაში  მოხვდა, მოუწევს ცვლილებები შეიტანოს მოქმედ კანონდებლობაში, რაშიც იმ პარლამენტარების მხარდაჭერა დასჭირდება, რომლებშიც მრავლად არიან ე.წ “სტრატეგიული ობიექტების” გასხვისების მოწინააღმდეგენი. წინააღმდეგ შემთხვევაში მოქმედი კანონმდებლობით აკრძალული ობიექტების პრივატიზაცია უკანონო იქნება.


პრივატიზაციას დაექვემდებარება კულტურული და სამეცნიერო დანიშნულების ობიქტებიც. სამთავრობო რეზიდენციების პრივატიზებაზე კი სპეციალური კომისია იმუშავებს. იმ შემთხვევაში, თუ პირველ ეტაპზე ვერ მოხერხდება ცალკეული ობიექტების გაყიდვა, მათზე პრივატიზების მეორე ეტაპი გამოცხადდება.


“იმ ობიექტებს, რომელთაც ეროვნული იდენტიფიკაციის ნიშნები აქვთ, პრივატიზება არ შეეხება”, აცხადებს კახა ბენდუქიძე.


მისი თქმით, უნდა შეიქმნას სპეციალური ფონდი, სადაც მხოლოდ პრივატიზაციიდან შემოსული თანხები ჩაირიცხება, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებისათვის სასიცოცხლო სფეროებს მოხმარდება.


“ჩემი მიდგომა, რომ ყველაფერი უნდა გაიყიდოს, არ უნდა ჩავთვალოთ სიგიჟედ; შედეგად სახელმწიფომ შესაძლებლის მაქსიმუმი უნდა მიიღოს და მოგებაში დარჩეს“, აცხადებს ეკონომიკის მინისტრი.
 
იმისათვის, რომ პრივატიზების პროცესში ჩაერთოს ყველა უცხოური კომპანია და მათთვის ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდეს, ეკონომიკის სამინისტრო გეგმავს საინფორმაციო ვიზიტებს და კონფერენციებს ინგლისში, ისრაელში, რუსეთში, თურქეთში.


დაინტერესებულ ინვესტორებს კი კახა ბენდუქიძე აფრხილებს, რომ მთავარია “დაიცვან საქართველოს კანონები, გადაიხადონ გადასახადები, აკეთონ ბიზნესი”. 

მსგავსი/Related

Back to top button