ახალი ამბები

საქართველო რუსეთის მიმართ მკაცრ პოზიციას ინარჩუნებს

სააკაშვილი: სამხრეთ ოსეთის რეინტეგრაცია თანდათან მოხდება







სააკაშვილი მოუწოდებს პუტინს “ლაგამი ამოსდოს”
იმ რუსულ ძალებს, რომლებიც დაძაბულობის
ესკალაციას უწყობენ ხელს ე.წ სამხრეთ ოსეთში.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელის ინიციატივითაც სამხრეთ ოსეთის კრიზისის მოგვარების მიზნით პეციალური საკოორდინაციო ცენტრი შეიქმნა, 11 ივლისს განაცხადა, რომ  “გარკვეული ძალები რუსეთში საქართველოს წინააღმდეგ აგრესიას ამზადებენ”.
 
საქართველოს პრეზიდენტმა გააფრთხილა რუსეთი, რომ სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ფართომასშტაბიანი კონფლიქტის დაწყების შემთხვევაში “ეს იქნება არა შიდა [საქართველოს] კონფლიქტი, არამედ სერიოზული დაპირისპირება ორ ქვეყანას – საქართველოსა და რუსეთს შორის“.
 
“დაძაბულობა კონფლიქტის ზონაში ეს არ არის ქართველებსა და ოსებს შორის არსებული პრობლემა, ეს არის ორ სახელმწიფოს – რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული პრობლემა“, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა 11 ივლისს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ოსი ეროვნების მოქალაქეებთან შეხვედრისას.
 
რამოდენიმე ასეული ოსი ეროვნების საქართველოს მოქალაქე 11 ივლისს თბილისში სახელმწიფო კანცელარიასთან შეიკრიბა პრეზიდნეტ სააკაშვილის პოლიტიკისადმი მხარდაჭერის გამოსახატავად.
 
პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ გასული ღამე შედარებით სტაბილური იყო კონფლიქტის ზონაში. “თუმცა რამოდენიმე რუსულმა ვეტმფრენმა დააღვია დღეს [11 ივლისს] საქართველოს საჰაერო სივრცე“, დასძინა სააკაშვილმა.
 
არსებული ინფორმაციით, ქართულ სოფელ თამარაშენის მახლობლად 11 ივლისის ღამეს სროლები ისმოდა; თუმცა ინფორმაცია მსხვერპლის თაობაზე არ ვრცელდება. 8 ივლისიდან მოყოლებული კონფლიქტის ზონაში პერიოდული სროლების შედეგად რვა ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა. 
 
პრეზიდენტმა სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დაგმო 10 ივლისს რუსეთის სათათბიროს მიერ მიღებული განცხადება, რომელშიც თბილისი ცხინვალის რეგიონში დაძაბულობის ესკალაციაში არის დადანაშაულებული.
 
“სამწუხაროდ ეს პროვოკაციული განცხადება,  კრემლთან დაახლოებული რუსი დეპუტატების მიერ იყო მომზადებული“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
 
პრეზიდენტმა სააკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას 10 ივლისს სატელეფონო საუბარი ჰქონდა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანთან იგორ ივანოვთან. “ჩვენ ხშირი კონტაქტები გვაქვს ჩვენს კოლეგებთან რუსეთში სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში დაძაბულობის შემსუბუქების მიზნით. ამ კონტაქტებში ამერიკის შეერთებულ შტატებიც ძალიან აქტიურად არის ჩართული“, დასძინა სააკაშვილმა.
 
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გელა ბეჟუაშვილი 11 ივლისს მოსკოვში გაემგზავრა, ხოლო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საგანგებო დავალებათა ელჩი ლევ მირონოვი 10 ივლისს თბილისში გამოაგზავნა.
 
რუსეთის საინფორმაციო სააგენტო “იტარ-ტასის“ ცნობით,  აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში არსებული სიტუაციის თაობაზე უკვე მეორედ ესაუბრა. პირველად მათ ე.წ სამხრეთ ოსეთის კრიზისზე 8 ივლისს იმსჯელეს.
 
ამავდროულად, 10 ივლისს საქართველოს ხელისუფლებამ კონფლიქტის ზონაში ქართულ სოფელ ერედვში სპეციალური საკოორდინაციო ცენტრი შექმნა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ცენტრის მიზანი იქნება “თავიდან ააცილოს საქართველოს შეიარაღებულ კონფლიქტში ჩათრევა, რასაც ასე გულდასმით ცდილობენ სამხრეთ ოსური მხარე და რუსეთის გარკვეული ძალები“.
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც პრეზიდენტის მითითებით საკოონდინაციო ცენტრს უხელმძღვანელებს, უკვე ერედვში იმყოფება.
 
სააკაშვილმა 11 ივლისს ასევე განუცხადა ჟურნალისტებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მთავარი მიზანი სამხრეთ ოსეთში დაძაბულობის შემსუბუქებაა. “ჩვენ არ გვეჩქარება, სამხრეთ ოსეთის რეინტეგრაცია მაქსიმუმ ერთ წელიწადში მოხდება ყოველგვარი სროლების გარეშე. მაგრამ, ამ ეტაპზე აუცილებელია, რომ შეიარაღებული დაპირისპირება ავიცილოთ თავიდან”, დასძინა საქართველოს პრეზიდენტმა.
 

მსგავსი/Related

Back to top button