ახალი ამბები

“რესპუბლიკელების“ ოპოზიციონერობა მმართველი პარტიის ერთიანობას არ ემუქრება







დავით ბერძენიშვილი შესაძლოა კვლავ
ოპოზიციონერობას დაუბრუნდეს
20 ივნისს აჭარაში ჩატარებული უმაღლესი საბჭოს არჩევნები მმართველ “ნაციონალურ მოძრაობასა“ და “რესპუბლიკურ პარტიას“ შორის ორწლიანი თანამშრომლობის შეწყვეტის მიზეზი გახდა.


რესპუბლიკელების ლიდერმა, დეპუტატმა დავით ბერძენიშვილმა ხელისუფლება და მმართველი პარტია  აჭარაში უმაღლესი საბჭოს არჩევნების “ტოტალურ გაყალბებაში” დაადანაშაულა. წინასწარი მონაცემებით არჩევნებში პრეზიდენტ სააკაშვილის მხარდამჭერმა პარტიამ “გამარჯვებული აჭარა“ ხმათა 75% მიიღო, ხოლო რესპუბლიკურმა პარტიამ მხოლოდ 9% დააგროვა.
 
“ნაციონალკური მოძრაობა თითქმის იგივე მეთოდებით მოქმედებს, როგორც მოქმედებდა “დემოკრატიული აღორძინების კავშირი“ (დაკი). ნაც-დაკთან კი ჩვენ კავშირი არ გვინდა. უახლოეს პერიოდში ნაციონალური მოძრაობიდან გამოსვლის  საკითხს პარტიის წევრების წინაშე დავაყენებთ“, განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.


“რესპუბლიკელებმა“, რომლებიც მმართველ „ნაციონალურ მოძრაობა-დემოკრატებთან“ კოალიციას ქმნიან საქართველოს პარლამენტში, აჭარის არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღეს მონაწილეობა. მმართველი პარტიის საარჩევნო სიით, რესპუბლიკელებმა 28 მარტის არჩევნების შედეგად პარლამენტში ექვსი წევრის გაყვანა შეძლეს.


პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ რესპუბლიკური პარტიის გადაწყვეტილებას, აჭარის არჩევნებში დამოუკიდებლად მიეღო მონაწილეობა, შეცდომა უწოდა.


“ვფიქრობ ამ საკითხს მმართველი პარტია განიხილავს. ჩვენ მოვუსმენთ “რესპუბლიკელების“ არგუმენტებს, თუ რატომ მიიღეს მათ ამგვარი გადაწყვეტილება“, განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. 


“ჩვენ უნდა გადავხედოთ ჩვენ ურთიერთობებს რესპუბლიკურ პარტიასთან. არანორმალური სიტუაციაა, როცა “რესპუბლიკელები“ ჩვენი მოკავშირეები არიან პარლამენტში და ოპოზიციად გვევლინებიან აჭარაში. ეს მდგომარეობა უნდა გაირკვეს“, განაცხადა მმართველი პარტიის წევრმა დეპუტატმა ნოდარ გრიგალაშვილმა.


ბოლო 12 წლის განმავლობაში პოლიტიკურ ჩრდილში მოქცეული “რესპუბლიკური პარტია“ “ნაციონალურ მოძრაობას“ 2002 წელს შუერთდა და იმავე წელს ერთობლივი სიებით მიიღო მონაწილეობა ადგილობრივ თვითმართველობის არჩევნებში.


ნოემბრის რევოლუციის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის “ნაციონალურ მოძრაობას“ ზურაბ ჟვანიასა და ნინო ბურჯანაძის პარტია “გაერთიანებული დემოკრატებიც“ შეუერთდა, რამაც “რესპუბლიკელებსა“ და მმართველ პარტიას შორის პირველი ბზარი გააჩინა.


ამ მიზეზით პირველი უთანხმოება 2004 წლის 28 მარტის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე მოხდა, როდესაც  “რესპუბლიკურმა პარტიამ“ უარი განაცხადა “ნაციონალურ მოძრაობასა“ და “გაერთიანებულ დემოკრატებთან“ ერთ პარტიად გაერთიანებაზე.


თუმცა, “რესპუბლიკელებს“ პარლამენტში მოსახვედრად ერთადერთი შანსი ჰქონდათ – დარჩენილიყვნენ “ნაციონალურ მოძრაობა–დემოკრატების“ რიგებში, ამიტომ საბოლოოდ, დავით ბერძენიშვილი ერთიან სიებს დასთანხმდა.  



აღსანიშნავია, რომ „რესპუბლიკური პარტია“ ის დასაყრდენი ძალა იყო, რომელიც მმართველმა პარტიამ აჭარაში ხელისუფლების შესაცვლელად გამოიყენა. ბოლო ათწლეულის მანძილზე რესპუბლიკელები ასლან აბაშიძის რეჟიმის ყველაზე აქტიურ და პრინციპში ერთადერთ ოპოზიციას წარმოადგენდნენ.


“ის, რომ ნაციონალებისა და რესპუბლიკელების ერთიანობა დიდხანს არ გაგრძელდებოდა ყველასათვის ნათელი იყო. ამ ორ პარტიას შორის არსებობს შეუთავსებლობა – ერთი იდეალიზმის მომხრეა, მეორე კი პრაგმატიზმის. თუმცა მათი გამიჯვნით არც ერთი მათგანი არ იზარალებს, თუ შემდგომში პოლიტიკურ ასპარეზზე სწორად იმოქმედებენ“, განაცხადა „სივილ ჯორჯიასთან“ საუბრისას რადიო „თავისუფელბის“ პოლიტიკურმა  მიმომხილველმა ია ანთაძემ.


მისი თქმით, “რესპუბლიკელების“ გამოყოფით მმართველი პარტიის დაშლა გამორიცხულია. “საუბარი მმართველი პარტიის დაშლის შესახებ ნაადრევია. ეს ასე უცბად არ მოხდება, რადგანაც ჯერ-ჯერობით იქ საკმაოდ დიდი ძალა არსებობს“ , განაცხადა ია ანთაძემ.


ჯერ-ჯერობით უცნობია პარლამენტში მყოფი “რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლები “ნაციონალურ მოძრაობასთან“ გამიჯვნის შემდეგ შექმნიან თუ არა ცალკე ფრაქციას. ამ საკითხზე კომენტარისგან თავს იკავებს პარტიის ხელმძღვანელობა.

მსგავსი/Related

Back to top button