ახალი ამბები

დანიგანი: „ქართულმა ოცნებამ“ უმაღლეს დონეზე ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის განხილვაზე უარი თქვა

2 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში, აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა განაცხადა, რომ „ახლახან საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები მივიწვიეთ შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განსახილველად“, თუმცა „სამწუხაროდ, ქართულმა მხარემ არჩია, რომ უარი ეთქვა ამ მოწვევაზე“. ელჩმა „ღრმა შეშფოთება“ გამოხატა საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო კვირებში მიღებული გადაწყვეტილებების გამო, რომლებმაც „ქვეყანა დააშორა ევროატლანტიკურ მომავალს“.

„სამწუხაროდ, მმართველ პარტიას, როგორც ჩანს, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი მიიღოს კანონი, რომლის შესახებაც ევროკავშირმა ნათლად განაცხადა, რომ შეუთავსებელია საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებებთან“, – განაცხადა ელჩმა და დასძინა, რომ მმართველი პარტიის ზოგიერთმა წარმომადგენელმა არჩია თავდასხმა „საქართველოს სუვერენიტეტის უდიდეს მხარდამჭერებზე: შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირზე“.

ელჩის თქმით, ბოლო 32 წლის განმავლობაში „ჩვენ ჩამოვაყალიბეთ პარტნიორობა, რომელიც ეფუძნება საერთო ღირებულებებს და საერთო სურვილს, რომ საქართველო ვიხილოთ   დასავლური დემოკრატიების ოჯახის წევრად“. განცხადებაში ნათქვამია, რომ „ჩვენ უარს ვამბობთ, შევცვალოთ ჩვენი მტკიცე ერთგულება ქართველი ხალხისა და საქართველოს მომავლის მიმართ“.

ელჩი დანიგანი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას „კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ, როგორც ეს საქართველოს კონსტიტუციაში წერია. შეერთებული შტატები ჩვენი მტკიცე ურთიერთობის ერთგული რჩება და ქართველი ხალხისთვის მხოლოდ მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა სურს“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button