ახალი ამბები

რუსეთმა და საქართველომ სამხედრო ბაზების თაობაზე მოლაპარაკებები განაახლეს







ბათუმისა და ახალქალაქის გარდა, რუსეთს ჯარები
ჰყავს განლაგებული აფხაზეთისა და სამხრეთ
ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში
მშვიდობისმყოფელების სტატუსით.
ქართულ-რუსული მოლაპარაკებები რუსეთის ორი სამხედრო ბაზის საქართველოდან გაყვანის თაობაზე მოსკოვში 23 ივნისს განახლდა. ბათუმსა და ახალქალაქში რუსული ჯარების არსებობის საკითხი ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება ორმხრივ ურთიერთობებში მას შემდეგ, რაც რუსეთმა ეუთოს 1999 წლის სამიტზე აიღო ვალდებულება ბაზების გაყვანის თაობაზე.
 
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 22 ივნისს მიესალმა რუსეთსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებების განახლებას, თუმცა აქვე აცხადებს, რომ მოლაპარაკებების მეცხრე რაუნდი, რომელიც ორ წელიწადზე მეტია შეჩერებული იყო, უფრო გაცნობითი ხასიათის იქნება, რადგანაც ორივე მხარის დელეგაციებს ახალი მთავრობების მიერ დანიშნული ახალი ხელმძღვანელები ჰყავს.
 
სავარაუდოდ, მოლაპარაკებების მეცხრე რაუნდზე რაიმე წინსვლა საკითხის მოგვარებისკენ მოსალოდნელი არ არის.
 
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ ანთაძე მოსკოვში დაგეგმილი ორდღიანი მოლაპარაკებების დროს საქართველოს დელეგაციას უხელმძღვანელებს.     
 
“შეხვედრა, რომელიც ძირითადად გაცნობითი ხასიათის იქნება, მიზნად ისახავს რუსეთის სამხედრო ბაზების საქართველოდან გაყვანის პრობლემის მოსაგვარებლად გზების ძიებას. მხარეები ასევე განსაზღვრავენ  მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის გამართვის თარიღს, რომელიც, ქართული მხარის ინიციატივით, თბილისში გაიმართება“, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 22 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.
 
რუსულმა მხარემ იგორ სავოლსკი 10 ივნისს სამხედრო ბაზებითან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელად დანიშნა. მანამდე რუსეთის დელეგაციას პრემიერ-მინისტრის მოადგილე ილია კლებანოვი ხელმძღვანელობდა.
 
რუსეთის დელეგაციის ახალმა ხელმძღვანელმა იგორ სავოლსკიმ რუსეთის საინფომაციო სააგენტო “ინტერფაქსი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მხარეები უნდა შეთანხმდნენ “სამხედრო ბაზების [საქართველოში დარჩენის] მისაღებ ვადებზე და მათი ფუნქციონირებისთვის შესაფერის პირობებზე“. 
 
“ჩვენ არ ვისახავთ მიზნად გავაჭიანუროთ ჩვენი ბაზების საქართველოში ყოფნა. თუმცა, ბაზების გამოყვანის ვადების განსაზღვრისას, საჭიროა გავითვალისწინოთ რუსეთის ტერიტორიაზე ამ ბაზებისთვის ინფრასტრუქტურის შექმნის აუცილებლობა. მაგრამ, სანამ ისინი საქართველოში რჩებიან, საჭიროა განისაზღვროს მათი [სამხედრო ბაზების] იურიდიული სტატუსი, შესაბამისი ორმხრივი ხელშეკრულების არარსებობა არანორმალური ვითარებაა“, განაცხადა იგორ სავოლსკიმ.
 
პოლიტიკური მიმომხილველთა გარკვეული ნაწილის აზრით, რუსეთის გადაწყვეტილება საქართველოში რუსული ბაზების ლეგალური სტატუსის საკითხის დაყენების თაობაზე “ცუდის მანიშნებელია“ თბილისისთვის.
 
ვლადიმერ სოკორი, ვაშინგტონის ჯეიმსთაუნის ფონდის უფროსი ანალიტიკოსი, რომელიც დსთ-ს საკითხებზე მუშაობს,  მისი ორგანიზაციის ვებ-საიტზე გამოქვეყნებულ სტატიაში  აცხადებს, რომ მოსკოვი სპეციალურად აჭიანურებს დროს მოლაპარაკებების პროცესში, რათა შეინარჩუნოს თავისი სამხედრო ბაზები საქართველოში.
 
აღსანიშნავია ისიც, რომ იგორ სავოლსკი ასევე კურირებს მოლაპარაკებებს საქართველოსთან ორ ქვეყანას შორის ჩარჩო ხელშეკრულების თაობაზე, რომელიც განსაზღვრავს ურთიერთობებს საქართველოსა და რუსეთს შორის ყველა ასპექტში, მათ შორის უსაფრთხოებისა და სამხედრო საკითხებშიც.
 
“რუსული დელეგაციის შერეული მანდატი, რომელიც გულისხმობს ერთის მხრივ სამხედრო ბაზების საკითხის, ხოლო მეორეს მხრივ სახელმწიფოთაშორისო ხელშეკრულების განხილვას მოლაპარაკებების ერთსა და იმავე ფორმატში ცუდის მანიშნებელია. პირველ რიგში, ამგვარი გაერთიანება მიმართულია სამხედრო ბაზების საკითხის პოლიტიზირებისკენ, რომელიც უნდა განიხილებოდეს ცალკე, როგორც სამხედრო-ტექნიკური საკითხი“, განაცხადა ვლადიმერ სოკორმა.
 
როგორც ჩანს, სამხედრო და უსაფრთხოების საკითხები მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენს ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმებასთან მიმართებაში, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილსა და მის რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს შორის თებერვალში მიღწეული შეთანხმების თანახმად, შემოდგომაზეა დაგეგმილი.    
 
“ხელშეკრულების პუნქტების უმრავლესობა უკვე შეთანხმებულია [ქართულ და რუს მხარეებს შორის]. თუმცა, გარკვეული შეუთანხმებლობა ჯერ კიდევ არსებობს, რომელიც ძირითადად უსაფრთხოების საკითხებს ეხება“, განუცხადა იგორ სავოლსკიმ “ინტერფაქსს“.
 
15 ივნისს “სივილ ჯორჯია“-სთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მხარეები ვერ თანხმდებიან რუსეთის მოთხოვნაზე, რომელიც გულისხმობს ჩარჩო ხელშეკრულებაში იმ პუნქტის შეტანას, რომელიც უკრძალავს საქართველოს თავის ტერიტორიაზე მესამე  ქვეყნის სამხედრო ბაზის განლაგებას.
 
“ჩვენ უარს ვაცხადებთ ორ თანაბარუფლებიან ქვეყანას შორის გაფორმებულ ჩარჩო ხელშეკრულებაში ცალმხრივად ჩაიდოს ასეთი პირობები. თუმცა ჩვენ ასევე ღიად ვაცხადებთ, რომ სხვა ქვეყნის ჯარების საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებას არ ვაპირებთ. არსებობს საერთაშორისო ურთიერთობების პრაქტიკაში სხვადასხვა ფორმები, რომლითაც საქართველო ამის დეკლარირებას საჯაროდ მოახდენს და ვფიქრობ, მოიხსნება ეს პრობლემა“, განუცხადა სალომე ზურაბიშვილმა “სივილ ჯორჯიას“.


პოლიტიკური მიმომხილველის ვლადიმერ სოკორის თქმით, რუსეთის მცდელობა, შეზღუდოს საქართველოს თავისუფლება თვითონ მოაგვაროს თავისი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხები, კიდევ უფრო გაართულებს და გააჭინაურებს სამხედრო ბაზებზე მოლაპარაკებების პროცესს.
 
საქართველოს მოთხოვნას, რუსეთის ბაზების უმოკლესი ვადაში გაყვანის თაობაზე  მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატებიც. თბილისი სამი წლის ვადაში ითხოვს ბაზების გაყვანას, მაშინ როცა რუსეთი მხოლოდ ცხრა წელიწადზეა თანახმა. ამ საკითხებში თანხმობის მისაღწევად დასავლეთის ფინანსური მხარდაჭერა შესაძლოა გადამწყვეტი მნიშვნელობის იყოს.
 
მოსკოვი თავდაპირველად აცხადებდა, რომ 500 მილიონი აშშ დოლარი იყო საჭირო რუსეთის სამხედრო ბაზების საქართველოდ გასაყვანად. მაშინ ამ თანხას საქართველოს ხელისუფლებამ “არარეალური“ უწოდა. თუმცა, მოლაპარაკებების განახლების წინა დღეს, 22 ივნისს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა განაცხადა, რომ ორი რუსული სამხედრო ბაზის საქართველოდან გამოყვანისთვის და რუსეთის ტერიტორიაზე მათი განთავსებისთვის 300 მილიონი აშშ დოლარიც საკმარისია.
 
თბილისმა ცოტა ხნის წინ მოსკოვს ერთობლივი ანტი-ტერორისტული ცენტრის შექმნა შესთავაზა ბაზების გაყვანის დაჩქარების სანაცვლოდ.
 
“ცენტრი დაეხმარება რუსეთს ახალი ურთიერთობების დაწყებაში საქართველოსთან. ცენტრი, რომელიც პარიტეტულ საფუძველზე შეიქმნება, მიზნად ისახავს ანტი-ტერორისტულ მომზადებას და ინფორმაციის გაცვლას თბილისსა და მოსკოვს შორის. თუმცა, ბევრი დეტალი ჯერ კიდევ განსახილველია“, განუცხადა სალომე ზურაბიშვილმა “სივილ ჯორჯიას“ 15 ივნისს.
 
თუმცა, როგორც ჩანს, რუსეთი ამ ინიციატივას ჯეროვნად არ აფასებს. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა 22 ივნისს განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნა არ უკავშირდება ბაზების გაყვანის საკითხის დაჩქარებას.
 
“ანტიტერორისტული ცენტრის შექმნის საკითხი მხოლოდ იდეის დონეზე არსებობს. ის არ არის და არც შეიძლება იყოს დაკავშირებული ბაზების გამოყვანის ვადებთან. არაერთხელ მითქვამს და კიდევ ვიმეორებ, რომ სანამ ჩვენ არ შევქმნით ორ ახალ ბაზას რუსეთის ტერიტორიაზე, საქართველოდან ბაზებს ვერ გავიყვანთ“, განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა.
 
სავარაუდოდ, რუსეთის ბაზების საკითხი ნატოს სამიტზე იქნება განხილული, რომელიც სტამბულში 28-29 ივნისს არის დაგეგმილი.
 
“აშშ ნატოს სამიტზე კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს მიმართ [ბაზების გაყვანასთან დაკავშირებით]“, განუცხადა სალომე ზურაბიშვილმა “სივილ ჯორჯიას“. 
 

მსგავსი/Related

Back to top button