ახალი ამბები

ცხინვალში დამატებითი შეიარაღების კონცენტრაციის თაობაზე გაკეთებულმა განცხადებებმა ვითარება კიდევ უფრო დაძაბა







დაპირისპირების საგანს ტყვიავის საგუშაგოც 
წარმოადგენს.
მას შემდეგ, რაც ქართულმა მხარემ განაცხადა, რომ იარაღით დატვირთული მანქანები სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში შევიდა, საქართველოში ეუთოს მისიამ 12 ივნისს რეგიონში სიტუაციის მონიტორინგი განახორციელა და ცხინვალის რეგიონში ზედმეტი შეიარაღების რაიმე კვალი ვერ აღმოაჩინა.
 
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ, სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავამ და სხვა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ იარაღით დატვირთული  160-170 სატვირთო მანქანა სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ჩრდილოეთ ოსეთიდან შევიდა.
 
თუმცა, ეუთოს მისიამ, რომელიც კონფლიქტის მოგვარებაშია ჩართული, გაავრცელა ინფორმაცია, რომ დამკვირვებლებმა ვერ აღმოაჩინეს რაიმე ფაქტი, რაც დაადასტურებდა არასანქცირებული სამხედრო აღჭურვილობის არსებობას ცხინვალის რეგიონში.
 
ეუთოს მისიის მიერ 12 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მონიტორინგი რუსეთის, საქართველოსა და ოსურ მხარეთა ერთობლივი სამშვიდობო ძალების სამხედრო დამკვირვებლებმა განახორციელეს ეუთოს წარმომადგენელთან ერთად.
 
“ეუთოს მისია კვლავ მოუწოდებს მხარეებს მაქსიმალურად შეიკავონ თავი, რათა არ მოხდეს  სიტუაციის ესკალაცია და გააძლიერონ პოლიტიკური დიალოგი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით“, ნათქვამია განცხადებაში.
 
რუსეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის მხარეებმა ასევე უარყვეს საქართველოს ოფიციალურ პირთა განცხადებები კონფლიქტის ზონაში დამატებითი შეიარაღების შეტანის თაობაზე.
 
თუმცა, 12 ივნისს გამართულ ბრიფინგზე, საქართველოს პრეზიდენტმა  მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა მოსკოვი და ამ ქმედებას “რუსეთის მხრიდან არამეგობრული ნაბიჯი უწოდა“.
 
“ჩვენ არ გვჭირდება კონფლიქტის ესკალაცია, რომელსაც გეგმავენ სეპარატისტული ძალები და ზოგიერთი გარე ძალები“, დასძინა სააკაშვილმა.
 
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 12 ივნისის ინფორმაციით, რუსეთიდან შემოსული შეიარაღების უდიდესი ნაწილი კონფლიქტის ზონაში, ჯავის რაიონში განთავსდა. თუმცა, ამ ინფორმაციის დადასტურება შეუძლებელია, რადგანაც ქართველ ჟურნალისტებს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება თვითგამოცხადებულ რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ უშვებს.
ამავდროულად, სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა, 12 ივნისს მოსკოვში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ “ცხინვალი წყვეტს ყველანაირ ურთიერთობებს“ თბილისთან.
 
მისი თქმით, სამხრეთ ოსეთი მხოლოდ ქართული, ოსური, რუსული და ჩრდილო ოსური მხარეებისგან შემდგარი შერეული საკონტროლო კომისიის ფორმატით ითანამშრომლებს ქართულ მხარესთან. კომისიის მუშაობაში საქართველოში ეუთოს მისიაც არის ჩართული, რომელიც კოკოითის თქმით, “ქართული მხარის გავლენას განიცდის”.
 
საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელმა როი რივმა 11 ივნისს განაცხადა, რომ შერეული საკონტროლო კომისიის შემდეგი შეხვედრა 16 ივნისს გაიმართება, სავარაუდოდ ჩრდოლოეთ ოსეთის დედაქალაქში, ვლადიკავკაზში, რადგანაც სამხრეთ  ოსეთის მხარე უსაფრთხოების მოტივით უარს აცხადებს თბილისში ჩამოსვლაზე.
 
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა 12 ივნისს მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე სხვა მოთხოვნებიც წაუყენა ქართულ მხარეს. მათ შორისაა თბილისის მიერ 1989-1991 წლებში ოსი მოსახლეობის გენოციდის აღიარება. 
 
“სამხრეთ ოსეთისადმი მიყენებული ზარალის კომპენსაცია ქართულ მხარეს ეკისრება. ზარალის საერთო რაოდენობა 34 მილიარდ რუბლს შეადგენს 1991 წელს არსებული კურსით“,  დასძინა კოკოითმა.    
 
მან ასევე მოუწოდა რუსეთს სცნოს ე.წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში რეგიონის შეყვანას დაუჭიროს მხარი.
 
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა უარყო საქართველოს ოფიციალურ პირთა ინფორმაცია რეგიონში დამატებითი შეიარაღების შეტანის თაობაზე.
 
“არანაირი იარაღი ან რუსული სამხედრო შენაერთები არ შემოსულა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. ეს ჰუმანიტარული ტვირთი იყო”, განაცხადა კოკოითმა.
 
მან საქართველოს ხელისუფლება რეგიონში სიტუაციის მიზანმიმართულ დესტაბილიზაციაში დაადანაშაულა. კოკოითმა თბილისის ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც ითვალისწინებდა სასუქებისა და მედიკამენტების დარიგებას ოს მოსახლეობაში, “დესტაბილიზაციის მცდელობად“  შეაფასა.
 
“ჰუმანიტარული ინიციატივის მოტივით, თბილისის ოფიციალური წარმომადგენლები მოუწოდებენ ადგილობრივ მოსახლეობას დაამხონ სამხრეთ ოსეთის კანონიერი პრეზიდენტი“,განაცხადა ედუარდ კოკოითმა.
 
სიტუაცია კონფლიქტის ზონაში მას შემდეგ გამწვავდა, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ტყვიავის საგუშაგოზე დამატებითი სამხედრო შენაერთები გაგზავნა კონტრაბანდასთან ბრძოლის მოტივით.
 
ჯარების დიდი ნაწილი იმ დღესვე უკან დაბრუნდა, თუმცა მოსკოვი და ცხინვალი კვლავაც დაჟინებით მოითხოვენ ქართული შენაერთების კონფლიქტის ზონიდან გამოყვანას. 

მსგავსი/Related

Back to top button