ახალი ამბები

ევროკავშირი საქართველოსთან ურთიერთობებს აღრმავებს







ევროპასთან დაახლოების სურვლის გამოხატვის
ნიშნად პრეზიდენტ სააკაშვილმა აპრილში სამთავრობო
დაწესებულებებზე საქართველოს დროშასთან ერთად
ევროკავშირის დროშის აღმართვა ბრძანა.
საქართველოს,სომხეთისა და აზერბაიჯანის ჩართვა ევროკავშირის “ახლო მეზობლობის ინიციატივაში”, საქართველოში “კანონის უზენაესობის“ მისიის ვიზიტი და მომდევნო სამი წლის განმავლობაში ევროკავშირის ფინანსური დახმარების გაორმაგება, ევროკავშირის მხრიდან საქართველოსა და მთლიანად კავკასიის რეგიონის მიმართ მნიშვნელოვანი ნაბიჯია. 
 
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 14 ივნისს ლუქსემბურგში შეხვედრისას სამხრეთ კავკასიის “ახლო სამეზობლო ინივიატივაში” ჩართვის შესახებ განაცხადეს. ევროპის სამეზობლო ინიციატივა წევრ ქვეყნებს სთავაზობს ევროკავშირთან პრივილეგირებულ ურთიერთობებს, რომელიც კანონის უზენაესობის, ეფექტური მმართველობის, ადამიანთა უფლებების პატივისცემისა და უმცირესობათა უფლებების დაცვის საერთო ღირებულებებზე ორმხრივ ვალდებულებებს დაეფუძნება. 
 
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ევროპის სამეზობლო პოლიტიკაში გაერთიანება ევროკავშირის წევრობის კანდიდატად აღიარებას არ ნიშნავს, “ეს მაინც ევროკავშირისკენ წინ გადადგმული ერთი ნაბიჯია“. 
 
“სამეზობლო პოლიტიკაში ჩართვას უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. აქამდე კავკასიის ქვეყნების ჩართვა სამეზობლო პოლიტიკაში არც კი განიხილებოდა. აქედან გარდა პოლიტიკურისა, ეკონომიკური სარგებელიც არის მოსალოდნელი. შეიქმნება სპეციალური ფონდი, რომელიც დააფინანსებს სხვადასხვა პროგრამებს, რაც დაეხმარება საქართველოს ევროკავშირთან დაახლოვებაში“, განუცხადა სალომე ზურაბიშვილმა „სივილ ჯორჯიას“.


ამ ფაქტს საქართველოს პარლამენტი სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა, სადაც ნათქვამია, რომ “პარლამენტი კმაყოფილებით ხვდება საქართველოს გაფართოებული ევროპის ახალ სამეზობლო სივრცეში გაერთიანებას და იმედს გამოთქვამს, რომ 2007 წელს დაგეგმილ ევროკავშირის მორიგი გაფართოების არეალში შავი ზღვის აუზის ქვეყნებიც მოხვდებიან”. ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანა შეიმუშავებს “სამხრეთ კავკასიის სტაბილურობის პაქტს”, სადაც ევროკავშირის მიმართ რეგიონის ერთსულოვან დამოკიდებულებას გამოხატავს.
 
ჰარი მოლენაარმა, ჰოლანდიის ელჩმა საქართველოში და ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელმა (ირლანდიას, რომელიც ამჟამად ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა საქართველოში საელჩო არ გააჩნია; ამგვარად, ჰოლანდიის ელჩი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენლად ითვლება, ვინაიდან 1 ივლისიდან ჰოლანდია გახდება ევროკავშირის თავმჯდომარე) 17 ივნისს თბილისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა,  მათ შორის ნოემბრის რევოლუციამ, მნიშვნელოვნად შეუწყვეს ხელი სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ჩართვას ევროპის სამეზობლო ინიციატივაში.  “გადაწყვეტილება საქართველოს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის წევრად ცნობის შესახებ მნიშვნელოვანი სიგნალია საქართველოსთვის“, განაცხადა ელჩმა.
 
ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ჟან ვანტომმა იმავე ბრიფინგზე განაცხადა, რომ რეგიონის სამივე ქვეყანას თანაბარი შესაძლებლობები ექნებათ ევროკავშირთან ურთიერთობების გასაღრმავებლად, რაც ინდივიდუალური სამოქმედო  გეგმების მეშვობით განხორციელდება.   
 
“საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მიღება ევროპის სამეზობლო პოლიტიკაში ადასტურებს, რომ ევროკავშირმა გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი სამხრეთ კავკასიის რეგიონში უფრო აქტიური მონაწილეობისკენ“, განაცხადა ჟაკ ვანტომმა.
 
საქართველომ უნდა შეადგინოს შემდგომი ნაბიჯების სამოქმედო გეგმა, რომელიც ქვეყანას ევროპულ სტანდარტებთან კიდევ უფრო დააახლოვებს. “ევროპის სამეზობლო ინიციატივაში გაერთიანების შემდეგ, საქართველომ უნდა შეადგინოს სამოქმედო გეგმა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი გეგმის შედგენა, რომელიც ევროპასთან დაგვაახლოვებს“,განუცხადა სალომე ზურაბიშვილმა „სივილ ჯორჯიას“.
 
ევროკავშირის კომისარი სლოვაკიიდან იანოშ პოტოშნიკი, რომელიც კომისარ გიუნტერ ფერჰოიგენთან ერთად ევროპის გაფართოების საკითხებზე მუშაობს, საქართველოს 5-6 ივლისს ეწვევა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ევროპის სამეზობლო პოლიტიკის დეტალებს განიხილავს.
 
იმავე დღეს, როდესაც ევროკავშირმა სამხრეთ კავკასიის ქვეყნები ევროპის სამეზობლო პოლიტიკის წევრებად სცნო, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მხარი დაუჭირეს საქართველოში ივლისის შუა რიცხვებისთვის ე.წ. “კანონის უზენაესობის“ მისიის გამოგზავნას, რომელიც ქვეყანას სასამართლო სისტემის რეფორმირებაში დაეხმარება.
 
“ეს ამ ტიპის პირველი მისიაა, რომელიც დაეხმარება საქართველოს სასამართლო სისტემის რეფორმირებაში“, განუცხადა ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ჟან ვანტომმა “სივილ ჯორჯიას“ 17 ივნისს.
 
ევროკავშირის ათი სამოქალაქო ექსპერტისგან შემდგარი მისია საქართველოში 15 ივლისს ჩამოვა. მისიის ვადა თავდაპირველად ერთი წლით განისაზღვრა, თუმცა შესაძლო გაგრძელებით.
 
კრის პატენმა, ევროპის კომისარმა საგარეო ურთიერთობების საკითხებში, ბრიუსელში 16 ივნისს განაცხადა, რომ “კანონის უზენაესობის“ მისიის გამოგზავნა არის “ნიშანი ევროკავშირის აქტიური მოქმედებებისა საქართველოსთან მიმართებაში“.
 
ამ ორი მნიშვნელოვანი მოვლენის დეკლარირებიდან რამოდენიმე დღეში ბრიუსელში 16 ივნისს ევროპის კომისიისა და მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულმა დონორთა კონფერენციამ მიიღო გადაწყვეტილება საერთაშორისო დონორთა ჯგუფის მიერ საქართველოსთვის  2004-2006 წლებში 1 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფის თაობაზე.
 
ეს თანხა ორჯერ აღემატება საქართველოს მთავრობის მიერ კონფერენციაზე მოთხოვნილ თანხას. საქართველო ქვეყნის ფინანსური საჭიროებებისთვის მხოლოდ 485 აშშ დოლარს ითხოვდა. 
 
დონორთა დახმარება ძირითადად ბიუჯეტს, ენერგეტიკის სფეროს, მმართველობის გაუმჯობესებას, სიღარიბის დაძლევას, კვების უსაფრთხოებას და ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას მოხმარდება.
 
ევროკავშირის წილი დახმარების პაკეტში 150 მილიონ დოლარს შეადგენს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას რეფორმების გატარებაში.
 
ჰუმანიტარულ დახმარებისა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მიერ დაზარალებული რეგიონების რეაბილიტაციის ჩათვლით, ევროკავშირის მთლიანი დახმარება საქართველოსადმი 2004-2006 წლებში 164 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც ორჯერ მეტია გასულ სამწლიან პერიოდთან შედარებით.
 
ევროკომისიისა და მსოფლიო ბანკის მიერ გავრცელებულ ერთობლივ პრეს-რელიზში ერთმილიარდიანი ფინანსური დახმარება შეფასებულია, როგორც საქართველოს ახალი მთავრობის გულწრფელი მხარდაჭერის ნიშანი.

მსგავსი/Related

Back to top button