ახალი ამბები

პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა







ჟვანია ირწმუნება, რომ ივლისში ბიუჯეტის
ხარჯვითი ნაწილი 180-200 მილიონით გაიზრდება
საქართველოს განახლებულმა მინისტრთა კაბინეტმა 10 ივნისის სხდომაზე პარლამენტის ნდობა მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციური ფრაქცია „ახალი მემარჯვენეები-მრეწველების“ წარმომადგენლებმა თავიდანვე დააფიქსირეს თავიანთი უარყოფითი პოზიცია მთავრობის განახლებული შემადგენლობის მიმართ, პარლამენტმა განახლებული მთავრობა 150 ხმით 6-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.
 
პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ, რომელმაც პარლამენტს განახლებული მინისტრთა კაბინეტი წარუდგინა, აღნიშნა, რომ ცვლილებები, რომლებიც ძირითადად უშიშროებისა და თავდაცვის ორგანოებს შეეხო, “მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მთავრობის მოქნილობისა და ეფექტურობის ზრდას“.
 
განახლებული მთავრობის პრიორიტეტები მნიშვნელოვნად არ შეცვლილა 2004 წლის 17 თებერვლის შემდეგ, როდესაც ზურაბ ჟვანიამ კანონმდებლებს კაბინეტის ახალი წევრები და ახალი მთავრობის ხუთწლიანი სამოქმედო პროგრამა წარუდგინა. 
 
“ჩვენი მთავარი მიზანი იქნება ეკონომიკური ზრდა, რეფორმები თავდაცვისა და უშიშროების სტრუქტურებში, რაც ასევე ითვალისწინებს კადრების შემცირებას“,  განუცხადა ზურაბ ჟვანიამ დეპუტატებს 10 ივნისს.
 
იგი მიესალმა მთავრობის ეკონომიკურ მიღწევებს და განაცხადა, რომ მთავრობა პარლამენტს ივლისში წარუდგენს პროექტს, რომელიც ითვალისწინებს საბიუჯეტო შემოსავლების ზრდას 180-200 მილიონი ლარით. “ეს შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც ბიუჯეტში შემოსავლები საგრძნობლად გაიზარდა“, აღნიშნა ზურაბ ჟვანიამ.
 
პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკის ახალი მინისტრის კახა ბენდუქიძის პოზიციაზეც ისაუბრა, რომელიც ულტრა-ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებას ითვალისწინებს და აღნიშნა, რომ საქართველო “ენერგიულად” შეუდგება სახელმწიფო საწარმოების პრივატიზებას.
 
საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა კახა ბენდუქიძემ 9 ივნისს განაცხადა, რომ თითქმის ყველა სახელმწიფო ობიექტი თუ საწარმო, მათ შორის ფოთისა და ბათუმის პორტებიც, პრივატიზებულ უნდა იქნას. თუმცა, აქვე დასძინა, რომ რკინიგზის, გაზსადენებისა და ენგურის ჰიდროელექტროსადგურის [რომელიც აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის და დანარჩენი საქართველოს საზღვარზე მდებარეობს] პრივატიზაცია არ მოხდება.
 
ზურაბ ჟვანია მთავრობის ეკონომიკურ გუნდს მიესალმა და აღნიშნა, რომ “მიუხედავად გარკვეული კამათისა კონკრეტულ საკითხებზე ზურაბ ნოღაიდელსა [ფინანსთა მინისტრი] და კახა ბენდუქიძეს [ეკონომიკის მინისტრი] შორის, ორივე მათგანი მხარს უჭერს ლიბერალურ ეკონომიკურ პოლიტიკას“.
 
გარდა მინისტრთა კაბინეტისა, კანონმდებლებმა  გენერალური პროკურორის ახალი კანდიდატის ზურაბ ადეიშვილის საკითხიც განიხილეს. იმის გამო, რომ გენპროკურორი სასამართლო ხელისუფლებას წარმოადგენს და იგი მთავრობის შემადგენლობაში არ შედის, ამიტომ ადეიშვილის კანდიდატურა ინდივიდუალურ კენჭისყრას მოითხოვს.
 
საკადრო გადანაცვლებების დროს, რომლებიც ძირითადად უშიშროებისა და თავდაცვის ორგანოებს შეეხო, ახალი კანდიდატურები არ განხილულა.
 
თავდაცვის მინისტრის პოსტს უკვე ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი გია ბარამიძე დაიკავებს, ხოლო თავდაცვის მინისტრი გელა ბეჟუაშვილი უშიშროების საბჭოს მდივანი გახდება. ამ უწყების ყოფილი ხელმძღვანელი ვანო მერაბიშვილი უშიშროების სამინისტროს ჩუდგება სათავეში, ხოლო მისი წინამორბედი ზურაბ ადეიშვილი გენერალური პროკურორი გახდება. რაც შეეხება, ყოფილ გენერალურ პროკურორს ირაკლი ოქრუაშვილს, იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს უხელმძღვანელებს.
 
უშიშროების მინისტრი ვანო მერაბიშვილი შეითავსებს ვიცე-პრემიერის პოსტსაც, რომელიც კოორდინაციას გაუწევს ძალოვანი უწყებების საქმიანობას.
 
მთავრობაში სხვა ცვლილებები არ განხორციელებულა. კახა ბენდუქიძე, რომელმაც ახლახანს საქართველოს მოქალაქეობა მიიღო, თუმცა რუსეთის მოქალაქობასაც ინარჩუნებს, ეკონომიკის მინისტრი გახდა.
 
სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც ბენდუქიძის მსგავსად ორმაგი – საქართველო-საფრანგეთის – მოქალაქეობა აქვს, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს დაიკავებს.
 
მინისტრთა კაბინეტის დანარჩენი წევრები არიან: ნიკა გილაური – ენერგეტიკის მინისტრი, გიორგი პაპუაშვილი – იუსტიციის მინისტრი, ეთერ ასტემიროვა – ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი, კახა ლომაია – განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ლადი ჭიპაშვილი – ჯანდაცვის მინისტრი, დავით შერვაშიძე – სოფლის მეურნეობის მინისტრი, თამარ ლებანიძე – გარემოს დაცვის მინისტრი, გოკა გაბაშვილი – კულტურისა და სპორტის მინისტრი და თამარ სულუხია – ინფრასტრუქტურის მინისტრი.
 
თუმცა, მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებებიც არის მოსალოდნელი, რის შედეგადაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო ეკონომიკის სამინისტროს შეუერთდება. სტრუქტურული ცვლილების შედეგად, ინფრასტრუქტურის მინისტრი თამარ სულუხია ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გახდება.
 
კაბინეტის შემადგენლობაში ასევე შედის ხუთი სახელმწიფო მინისტრი. თამარ ბერუჩაშვილი ევროსტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციას კურირებს, გურამ აბსანძე ეროვნული თანხმობის პოლიტიკაზეა პასუხისმგებელი, ჯამბულ ბაკურაძე მცირე და საშუალო ბიზნების განვითარების საკითხებს კურირებს, გოგა ხაინდრავა კონფლიქტების მოგვარების საკითხებზეა პასუხისმგებელი, ხოლო მეხუთე სახელმწიფო მინისტრი ზურაბ მელიქიშვილი ადგილობრივი მმართველობისა და რეგიონული პოლიტიკის საკითხებით არის დაკავებული.

მსგავსი/Related

Back to top button