ახალი ამბები

განახლებული მთავრობის ყურადღება ცხინვალის რეგიონისკენ არის მიმართული







ოსი სამხედროები ცხინვალის შესასვლელთან.
საქართველოს ოფიციალურ პირთა ვიზიტები სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში და ადგილობრივი მოსახლეობისთვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარება საინფორმაციო საშუალებების ყურადღების ცენტრში მოექცა ბოლო დღეების განმავლობაში.
 
8 ივნისს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ცხინვალის 700-800-მდე მცხოვრებს მედიკამენტები უსასყიდლოდ დაურიგა. მის ვიზიტს წინ უძღოდა 4 ივნისს სოფლის მეურნეობის მინისტრის დავით შერვაშიძის მიერ სასოფლო-სამეურნეო სასუქების სამხრეთ ოსეთის მხოლოდ ორი სოფლისთვის გადაცემა, სურვილის მიუხედავად იგი დანარჩენ სოფლებში არ შეუშვეს. მანამდე, საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით ონოფრიშვილი ეწვია ცხინვალიდან სულ რაღაც 4 კილომეტრში მდებარე სარკინიგზო მონაკვეთს, სადაც ცხინვალსა და დანარჩენ საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. 
 
საქართველოს ხელისუფლების ცხინვალის რეგიონისკენ  მიმართული საქმიანობა სამთავრობო სტრუქტურებს შორის “მაღალი ხარისხის კოორდინაციას“ მოითხოვს. 
 
უშიშროების მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ბოლო დროს მინისტრთა კაბინეტში განხორციელებული ცვლილებები სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში მიმდინარე მოვლენებს დაუკავშირა.
 
“საქართველოს მთავრობის პრიორიტეტები მას შემდეგ შეიცვალა, რაც აჭარაში ცენტრალური ხელისუფლების მმართველობა აღსდგა. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ამჟამად მთელი ჩვენი ყურადღება სამხრეთ ოსეთის შემოერთებისკენაა მიმართული. ეს კი უფრო ეფექტურ კოორდინაციას მოითხოვს არა მარტო უშიშროების სტრუქტურებში, არამედ სხვა სამინისტროებშიც, მათ შორის სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის სამინისტროებშიც“, განუცხადა ვანო მერაბიშვილმა 7 ივნისს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს.
 







საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელი(მარცხნივ)
ადგილზე აკვირდება აღდგენით სამუშაოებს.
ევროკავშირმა 400 ათასი ევრო გამოყო
სარკინიგზო გზის აღსადგენად.
უშიშროების მინისტრის მოვალეობების გარდა ვანო მერაბიშვილი ვიცე-პრემიერის ფუნქციებსაც შეასრულებს ახალ კაბინეტში, რაც სამართალდამცავ და უშიშროების სტრუქტურებს შორის საქმიანობის კოორდინაციას ითვალისწინებს. 
 
ახალ ვიცე-პრემიერს ვანო მერაბიშვილს მთავრობის საქმიანობის განსაკუთრებული კოორდინირება ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში მოუწევს. ვანო მერაბიშვილი აქტიურად იყო ჩართული, როგორც მან აღნიშნა, „აჭარის ოპერაციის“ ორგანიზებაში, რასაც შედეგად აჭარის ყოფილი მეთაურის ასლან აბაშიძის რეჟიმის მშვიდობიანი შეცვლა მოჰყვა. 
 
“თუმცა, სამხრეთ ოსეთი აჭარასთან შედარებით უფრო რთული და გრძელვადიანი ამოცანა იქნება მთავრობისთვის. სამხრეთ ოსეთისგან განსხვავებით,აჭარა ეთნიკური ქართველებით არის დასახლებული. აქ ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება ნდობის აღდგენა ქართველ და ოს ხალხს შორის“, განაცხადა მერაბიშვილმა.
 
ოსურ ენაზე საინფორმაციო გადაცემის ტრანსლირება საქართველოს სახელმწიფო რადიოსა და ტელევიზიის ეთერში სწორედ ამ ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად. საქართველოს პირველი არხით ოსურ ენაზე ყოველდღიური საინფორმაციო გადაცემების გაშვების შემდეგ, საქართველოს რადიოსადგურმაც დაიწყო ორსაათიანი ყოველდღიური პროგრამის ტრანსლირება ოსურ ენაზე, რომელიც სპეციალურად ოსი მოსახლეობისათვის არის განკუთვნილი.
 







რუსეთის სამშვიდობო ძალების წარმომადგენელი
ტყვიავის საგუშაგოზე მანქანას ამოწმებენ.
იქვე არიან ქართველი და ოსი მშვიდობისმყოფელებიც.
ცხინვალიდან 4 კილომეტრით დაშორებულ სოფელ ნიქოზის მოსახლეობაში, რომელიც ძირითადად ქართველებით არის დასახლებული, იმის მოლოდინი, რომ თორმეტწლიანი კონფლიქტი ბოლოს და ბოლოს მოგვარდება, ახლა ბევრად უფრო დიდია ვიდრე ოდესმე ყოფილა.
 
“აჭარაში მიღწეული წარმატების შემდეგ ვიმედოვნებთ, რომ მთავრობა ამ კონფლიქტსაც მოაგვარებს. ძალიან ბედნიერები ვართ, როდესაც ვუყურებთ, როგორ მიმდინარეობს რკინიგზის აღდგენა, რომელიც ჩვენ სოფელზე გადის. სარკინიგზო მიმოსვლა ცხოვრებას ბევრად უფრო გაგვიადვილებს“, განუცხადა სოფელ ნიქოზის მკვიდრმა ტარიელ გოროზაშვილმა „სივილ ჯორჯიას“.
 
“ერთადერთი, რაც გვინდა, არის მშვიდობა. აქ ძალიან ბევრი შერეული ოჯახი ცხოვრობს. უბრალო ხალხი, როგორც ქართველები, ისე ოსები ყოველთვის გვერდიგვერდ თანავცხოვრობდით. თუმცა, გარკვეული  უნდობლობა ჯერ კიდევ არსებობს. ახლა ხელისუფლებაზეა დამოკიდებული როგორ მოაგვარებს ამ საქმეს“, განუცხადა სოფლის კიდევ ერთმა მაცხოვრებელმა ჟუჟუნა კობერიძემ „სივილ ჯორჯიას“. 
 

მსგავსი/Related

Back to top button